რუსმა ფრილანსერებმა ყველაზე მეტი ფული საქართველოში გაიტანეს. როგორც ფორბსი წერს, რუს ფრილანსერებს 2022 წელს ფული ყველაზე ხშირად საქართველოში გაჰქონდათ და მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის ბარათებზე, დაახლოებით, 100 მლნ რუბლი (დღევანდელი კურსით: 1 337 579 დოლარი) გადარიცხეს, რაც, 2021 წელთან შედარებით, 5325%-ით მეტია. ამის შესახებ ფრილანსერებთან ანგარიშსწორების სერვის Solar Staff-ის ანგარიშში წერია, რასაც რუსული Forbes-ი ავრცელებს.
კველვის თანახმად, 2022 წელს მთლიანობაში არარუსულ ბარათებზე გადარიცხვების მოცულობა 6,8-ჯერ გაიზარდა იმ რუსი ფრილანსერების მხრიდან, რომლებიც 2021 და 2022 წლებში Solar Staff-ის სერვისს იყენებდნენ. საქართველოს შემდეგ პოპულარობით მეორე ადგილზე ყაზახეთია, სადაც 2022 წელს 46,3 მლნ რუბლი (619 580 დოლარი) იქნა გატანილი, მაშინ, როცა 2021 წელს ეს მოცულობა17 397 დოლარს შეადგენდა. სომხეთში 2022 წელს ფრილანსერებმა რუსეთიდან 43,3 მლნ რუბლი (579 518 დოლარი) გადარიცხეს, რაც 2021 წელს მხოლოდ20 075 დოლარს შეადგენდა. მეოთხე ადგილზეა თურქეთი, ხოლო მეხუთეზე უზბეკეთი.
Solar Staff-ის კვევაში ნათქვამია, რომ უცხოურ ანგარიშებზე გადარიცხვების მოცულობის მკვეთრი ზრდა 2022 წლის მარტში, ანუ უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდეგ დაიწყო. სერვისმა გაარკვია, რომ უცხო ქვეყნებში ფულის უმეტესი ნაწილი რუს პროგრამისტებს, ვებმასტერებს, პროექტის მენეჯერებს, ბლოგერებსა და მარკეტინგის მენეჯერებს გაჰქონდათ.