ლონდონის არსენალმა პრემიერლიგის გადადებულ მატჩში მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი შეხვედრა წააგო. პეპ გვარდიოლას გუნდმა მიკელ არტეტას კლუბს 3:1 მოუგო და პრემიერლიგის ცხრილში ახლა ორივე გუნდს 51-51 ქულა აქვთ.
მანჩესტერ სიტი შეხვედრაში კევინ დე ბრუინმა დააწინაურა, მან 24-ე წუთზე მოახერხა გოლის გატანა. დე ბრუინის გოლს ბუკაიო საკამ უპასუხა, მან პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და ედერსონის საკმაოდ დიდ წნეხს გაუძლო. ინგლისელმა ზუსტად იმ კუთხეში დაარტყა, სადაც ბრაზილიელმა მეკარემ მიუთითა და ტაიმი 1:1 დასრულდა.
მანჩესტერ სიტიმ მეორე ტაიმში არსენალი მაინც გატეხა. კარგი კომბინაციის შემდეგ, ჯეკ გრილიშმა მაგარი დარტყმით გაიტანა და სიტი 72-ე წუთზე დააწინაურა, ხოლო 10 წუთში ერლინგ ჰაალანდმა პრემიერლიგაში 26-ე გოლი მიითვალა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.
მანჩესტერ სიტისა და არსენალს პრემიერლიგაში 51-51 ქულა აქვთ და სიტი პირველ ადგილზეა. არსენალს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და მომდევნო ტურში ასტონ ვილას შეხვდება. მანჩესტერ სიტი კი სტუმრად ნოტინგემის წინააღმდეგ ითამაშებს.