თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი სივრცეებში და მუნიციპალურ ტრანსპორტში ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მომზადდა.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ცვლილებების მიხედვით ვანდალიზმის პირველ ფაქტზე მოქალაქე 300 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებითი ფაქტი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას.
დედაქალაქის მერის განცხადებით, არავის სიამოვნებს ვინმეს დაჯარიმება, მაგრამ პრევენციის მიზნით ამ ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია.
„ძალიან ბევრია ვანდალიზმის ფაქტი და უმეტესად ამას აკეთებენ მოზარდები. უამრავი ვიდეო მასალა იქნა გავრცელებული ჩვენი მხრიდან, რომ ახალრეაბილიტირებულ სივრცეების დამტვრევა, განადგურება მიმდინარეობს მიზანმიმართულად. გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურა და ინვენტარი ზიანდება და მას ჩვენი მოქალაქეები ვეღარ იყენებენ, მის აღსადგენად და შესაცვლელად დამატებითი თანხების გამოყოფის საჭიროება ჩნდება, რაც შეიძლებოდა სხვა პრობლემებს მოხმარებოდა, ან სხვა პროექტები განგვეხორციელებინა და რა თქმა უნდა, ამით ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებდნენ. ფაქტია, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია პასუხისმგებლობის გამკაცრება, რათა ამ ვანდალურ ფაქტებს მოჰყვეს პრევენცია და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში თითოეული ჩვენგანის როლი არის მნიშვნელოვანი, რომ ერთად ვებრძოლოთ ასეთ ფაქტებს. დღეს მოქმედი რეგულაციით სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება. ჩვენ გვქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია და მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით და მოვამზადეთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რაც ითვალისწინებს მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის და საზოგადოების სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება, ან ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება, ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას. აღნიშნული კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს და იმედი მაქვს, რომ კანონმდებელთა მხარდაჭერას მიიღებს“, - განაცხადა კალაძემ.