საქართველოს მოქალაქეები შესაძლოა, ფინეთსა და კვიპროსშიც დასაქმდნენ. როგორც „პალიტრანიუსს“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე ფინეთსა და კვიპროსთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სამუშაო ძალის საჭიროებაზე ხელახალი კვლევის შედეგები დაიდება.
„უკრაინაში ომისა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში მიგრაციული პროცესების გამო, ზოგადად, ევროკავშირის ქვეყნებმა ცირკულარული მიგრაციის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერეს. ადგილობრივ ბაზარზე სამუშაო ძალის საჭიროებების ხელახალი გადაფასება ხდება. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან უკვე შემდეგ ნაბიჯებს, თუმცა ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა.
ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც ფინეთთან, ასევე კვიპროსთან. ცირკულარული მიგრაცია დამოკიდებულია შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის საჭიროებაზე. შესაბამისად, სამუშაო ძალის საჭიროებაზე ხელახალი კვლევის შედეგებს ელოდებიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ჩვენთვის ცნობილი, რა მოლოდინები აქვთ მათ. როგორც ვერ იტყვი უკრაინის ომს, რა ვადაში შეიძლება ჰქონდეს დასასრული, ასევე რთულია მიგრაციული პროცესების წინასწარ განჭვრეტა“, - განაცხადა ბარკალაიამ.