სტატიის ავტორმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მაღალრეიტინგულმა გამოცემა National Geographic-მა ქართულ სამზარეულოზე სტატია გამოაქვეყნა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოცემის ჟურნალისტმა ჯენიფერ ჰათამმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.
სტატიაში სახელწოდებით „ხაჭაპური - ქართული კლასიკა, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ“ საქართველოს გასტრონომიული ასოციაციების, კულინარიული გიდების, გადაცემების წამყვანების, შეფებისა და კვების ობიექტების ინტერვიუებია ქართული სამზარეულოს შესახებ.
„თბილისში ხაჭაპურის უკეთ შესასწავლად ჩამოვედი. გასინჯვის შემდეგ მივხვდი, რომ რამდენიმე დღე არ მეყოფოდა და ხაჭაპურის სხვადასხვა ვერსიის გასაცნობად უფრო მეტი დრო მჭირდებოდა. საქართველოში ხაჭაპურის თითქმის 50 სახეობაა. ზოგიერთი მრგვალია, ზოგიც კვადრატული, შეიძლება იყოს ღია, დახურული ცომის, რბილი ან ფურცლოვანი“, – წერს ჯენიფერ ჰათამი.
სტატიის ავტორი ჰყვება, რომ ხაჭაპური მზადდება როგორც ღია, ასევე დახურულ ღუმელში, შეზავებული ხორცთან, მწვანილთან, კარტოფილთან ან ხახვთან. შეთანხმებული წესები არ არსებობს.
National Geographic-ის ჟურნალისტის თქმით, ქართველ კულინარებს ხაჭაპურის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად გამოცხადება სურთ.
ინფლაციის დასაანგარიშებლად კი საქართველოში სწორედ ე.წ. ხაჭაპურის ინდექსს იყენებენ.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET ხაჭაპურის ყოველთვიურ ინდექსს ადგენს. ამ მიზნით აკვირდებიან იმერული ხაჭაპურის ინგრედიენტების ღირებულებას, რომელიც მოიცავს ფქვილს, ყველს, კარაქს, რძეს, კვერცხს და საფუარს“, – წერს ჯენიფერ ჰათამი და მკითხველს ხაჭაპურის მომზადების რეცეპტს სთავაზობს, აგრეთვე ადგილებს, თუ სად შეიძლება ღამის გათევა თბილისში ხაჭაპურთან ერთად.
National Geographic-ის სტატიაში, ხაჭაპურის გარდა, სხვა ქართული კერძებიც არის აღწერილი – ფხალი, ხინკალი, საცივი და ლობიო.