რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსგან "ძალის გამოუყენებლობის შესახებ სავალდებულო შეთანხმებებს" ითხოვს, რაც რეგიონში სტაბილურობის გარანტიაა.
ზახაროვას განცხადება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას ამორალურს უწოდებენ და საქართველოსთან მიმართებაში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
ოპოზიცია კი მთავარ დამნაშავედ მმართველ გუნდს მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ რუსეთთან კომპრომისებით საქართველო წინ ვერ წავა და აღნიშნული განცხადებით ზახაროვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი საკუთარი პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს.