სულ მალე ჩარლზ დიკენსის ცნობილი რომანის, დიდი იმედების, ახალ ეკრანიზაციას ვიხილავთ — კლასიკოსი ავტორის წიგნის მიხედვით სტივენ ნაითმა მინისერიალი გადაიღო. BBC Studios-ის ნაწარმოებში მთავარ როლს ოსკაროსანი ინგლისელი მსახიობი, ოლივია კოლმანი, განასახიერებს. კოლმანი მის ჰევიშემს ითამაშებს, მასთან ერთად კი, პიპის როლს ფიონ უაითჰედი მოირგებს.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა სერიალის პირველი თიზერიც, სადაც მის ჰევიშემისა და პატარა პიპის პირველ შეხვედრას ვხედავთ.
"რა საოცარი არსება დაგვიჭერია მდინარეში თევზაობისას", — ამბობს კოლმანის პერსონაჟი ობოლი ბავშვის დანახვაზე.
რაც შეეხება ახალი სერიალის მთავარ ვარსკვლავს, უამრავი პრესტიჟული პრემიის მფლობელ ოლივია კოლმანს მაყურებელი კარგად იცნობს გახმაურებული სერიალებიდან საბრალონი და გვირგვინი. ამ უკანასკნელში მან დედოფალი ელიზაბეთის როლი განასახიერა და ამისთვის ოქროს გლობუსის ჯილდოც დაიმსახურა. მსოფლიო პრემიერა 26 მარტს შედგება.