საქართველო მეოთხეა იმ ძირითად ქვეყნებს შორის, რომლის მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვა 2022 წელს მთლიანობაში 50 ათასზე მეტმა რუსმა მიიღო. ინფორმაციას RBC ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის შსს-ს მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, იური ტიტოვი აცხადებს, რომ 2022 წელს 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, რომ მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ან უცხო სახელმწიფოში მუდმივი ცხოვრების უფლების დოკუმენტი აქვთ მიღებული, რაც, 2021 წელთან შედარებით, 4,6%-ით ნაკლებია. 2021 წელს ეს რიცხვი 53 ათას ადამიანს შეადგენდა.
ტიტოვის ცნობით, მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ძირითადად ისრაელის, სომხეთის, თურქეთის, საქართველოს, გერმანიის და უკრაინის პასპორტები აქვთ აღებული. ცოტა ხნის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2022 წელს 4 306-მა ადამიანმა უარი თქვა რუსეთის პასპორტზე, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.