მთავრობა უკვე მე-8 წელია ავტოსადგურების მოწესრიგებას აანონსებს, თუმცა კანონპროექტის განხილვა ჯერაც არ დაწყებულა. ჯერ კიდევ 2015 წელს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ კანონპროექტი მომზადებული იყო და პარლამენტში მისი შეტანაც იმავე წელს მოხდებოდა, თუმცა, განხილვები საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე დაპაუზებულია. ახლა კი უკვე პარლამენტის 2023 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებულ მოკლევადიან გეგმაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება ამ საკითს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება და ავტოსადგურების რეგულირებას გეგმავს. ამის საჭიროებას კი იმით ხსნის, რომ მოხდა, სამარშრუტო ქსელის მითვისება ავტოსადგურების მესაკუთრეებისა და სხვა პირების მიერ, რომელთა თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ქვეყნის შიგნით რეგულარულ მარშრუტებზე საქმიანობის განხორციელება.
დოკუმენტში, რომლის განხილვასაც პარლამენტი უახლოეს ხანში აპირებს, წერია, რომ მოუწესრიგებელია სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა კომერციული გადაყვანებიც. სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, ნაცვლად ავტოსადგურებისა, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გააუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა. ხშირ შემთხვევებში გადაზიდვების პროცესი ხორციელდება არალეგალური გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე, გარემოს დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით.
მნიშვნელოვნად გაიზრდა დაბალი კვალიფიკაციის მქონე არაპროფესიონალთა რიცხვი, რომლებიც იძენენ რესურსამოწურულ, იაფფასიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა უმრავლესობა არც ტექნიკური პარამეტრებით და არც ეკონომიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება მგზავრთა რეგულარული გადაყვანის მოთხოვნებს და იწყებენ მგზავრთა გადაყვანას“.კანონპროექტი, რომლის განხილვასაც პარლამენტი აპირებს ითვალისწინებს ავტოსადგურის სერტიფიცირებას და მასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ამასთან პროექტით ხდება ავტოსადგურების დიფერენცირება 3 კლასად. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს აგრეთვე, მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების ახალი სანებართვო პირობების შემოღებას.