ავტომოყვარულებსა და კოლექციონერებს Bugatti-ს უნიკალური მოდელის, Chiron Profilee-ს შესაძენად უკანასკნელი შანსი ჰქონდათ. ჰიპერქარი საფრანგეთში, Sotheby’s-ის მიერ გამართულ აუქციონზე 10.7 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
ავტომწარმოებელი Chiron-ის Profilee ვერსიის ფართომასშტაბიან წარმოებას გეგმავდა. თუმცა მანამ, სანამ Bugatti აღნიშნული ვერსიის განვითარებას დაასრულებდა, Chiron-ის 500-ვე ეგზემპლარი მოსალოდნელზე სწრაფად გაიყიდა. მიუხედავად ამისა, Bugatti-მ Profilee-ს პროექტის გაუქმების გადაწყვეტილება არ მიიღო და ერთი საჩვენებელი ეგზემპლარის წარმოება დაასრულა.
ავტომობილის უნიკალურობას სწორედ ეს გარემოება განაპირობებს. მისი შეფერილობაც კი სპეციალურად ამ ეგზემპლარისთვის შეიქმნა. ეს უკანასკნელი Bugatti Chiron Profilee-ს სხვა მოდელებისაგან დიზაინითაც განსხვავდება. გარდა ამისა, Profilee ყველაზე სწრაფად აჩქარებადი Chiron-იც გახლავთ. ავტომობილს 0-დან 100-მდე აჩქარებისათვის მხოლოდ 2.3 წამი სჭირდება. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ის ელექტრონულადაა შეზღუდული და 380 კმ/სთ-ს შეადგენს.