საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახალხო დამცველს თხოვნით მიმართა, რომ მის მიერ შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმის წევრმა ექიმებმა კლინიკა ,,ვივამედში” მოინახულონ.
ყოფილი პრეზიდენტის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას CNN-ის ეთერში გასულ კადრებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე იმ კადრებზეა ასახული.
"სახალხო დამცველის ჩართულობა ძალიან კარგია. მიხეილ სააკაშვილმა მათ თხოვნით მიმართა, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო. რაც უფრო ადრე მოხდება მით უკეთესი. ისევე სუსტად არის, როგორც ყოველთვის. ყველაფერი უჭირს: სიარული, ჭამა და ა.შ.
ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალური კადრები გახდა. CNN - ის მიერ გავრცელებული კადრები რეალობაა, თან ეს 4 ოქტომბრის კადრები იყო, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მძიმეა. ოქტომბრის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით გაუარესებულია. ფაქტია, რომ ადამიანი ცარიელი ძვალი და ტყავია. მოშიმშილე ავადმყოფებიც კი ასეთი გამხდრები არ არიან, ამას სხვა სჭირს და ეს სხვა არის მოწამვლა, ინტოქსიკაცია.
"ტელეკომპანია იმედმა” აჩვენა პატარა კადრები, სადაც ძალიან მხნედ გადაადგილდება. რა თქმა უნდა, სჯობდა კიევის კადრები ეჩვენებინათ, იქ უფრო მხნედ დააბიჯებდა. იცით რა მიკვირს?! ყველანაირი ხერხით რომ უნდათ ეს ადამიანი აქედან არ გაუშვან. თუ ასე ძალიან უყვარდათ და ასე ძალიან უნდოდათ აქ ყოფილიყო, რატომ ჩამოართვეს ეს მოქალაქეობა?! ძალიან მიკვირს”,- განაცხადა ალასანიამ.