რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 85-ჯერ გახსნეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
"მტერმა 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელა და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 85-ჯერ გახსნა. რუსეთის მხრიდან საჰაერო და სარაკეტო დარტყმების განხორციელების საფრთხე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კვლავ მაღალია", - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, ვოლინის, პოლესკის, სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებებით, რუსულმა ძალებმა 18 დასახლებული პუნქტი დაბომბეს. კუპიანსკისა და ლიმანსკის მიმართულებით კი ცეცხლი ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან 22 დასახლებულ პუნქტს გაუხსნეს.
ამასთან, რუსებმა ბახმუტის მიმართულებით 16 დასახლებული პუნქტი ტანკებიდან, ნაღმმტყორცნებიდან და საარტილერიო სისტემებიდან დაბომბეს. ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით კი - 25 დასახლებული პუნქტი დაიბომბა.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში ზაპოროჟიეს ოლქის რვა დასახლება და დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის ტერიტორია დაბომბეს. ხერსონის მიმართულებით კი - ხერსონისა და 20 დასახლებული პუნქტის წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.