მარტყოფში მეგობრის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა . ბრალდებულმა, ნიკოლოზ სალთხუციშვილმა პირველი ჩვენების შემდეგ პოზიცია შეცვალა და დღევანდელ სასამართლო პროცესზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობს. პროკურორის განცხადებით კი, მოწმეები ადასტურებენ, რომ გარდაცვლილის მისამართით გასროლა ნიკოლოზ სალთხუციშვილის მიერ შეძენილი კუსტარულად დამზადებული იარაღით განხორციელდა. გამოძიების ვერსიით, მკვლელობის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება. 34 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შემდეგი სასამართლო პროცესი 30 მარტს გაიმართება.