შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი თბილისის შემდეგ, ქალაქ რუსთავშიც ამოქმედდა. რუსთავში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, 19 მართლწესრიგის ოფიცერი მუშაობას უკვე შეუდგა. ოფიცრების შერჩევა საკონკურსო წესით მოხდა. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეკვირიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს. მართლწესრიგის ოფიცრის მოვალეობაში შედის დანაშაულის პრევენცია, ინფორმაციის შეგროვება, შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება და სხვა. უწყების ცნობით, მართლწესრიგის ოფიცერთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გაიზრდება და ინსტიტუტი ყველა მსხვილ ქალაქში ამოქმედდება.