უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა მსოფლიოს იმ ლიდერების პესიმისტური პროგნოზები, რომლებიც აცხადებენ, რომ უკრაინას ევროკავშირში გასაწევრიანებლად 10 წელი დასჭირდება და განაცხადა, რომ ქვეყანა ბლოკს 2 წელიწადში შეუერთდება.
„ვხედავთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ევროკავშირში ორ წელიწადში გავწევრიანდეთ. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები", - განაცხადა ზელენსკიმ JP Morgan-ის მიერ ორგანიზებულ საინვესტიციო სამიტზე.
მისივე თქმით, უკრაინას რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვების შემდეგ ნატო-ში შესვლა შეუძლია.
„იმის გამო, რომ გადაწყვეტილებებს ნელა იღებენ, ეს არის ბიუროკრატია... და მჯერა, რომ გამარჯვების შემდეგ ჩვენ ვიქნებით ნატო-ში“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოში უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, JP Morgan-ის წარმომადგენლებს შეხვდა და ვიდეო ბმულის საშუალებით მონაწილეობა მიიღო JP Morgan-ის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ყოველწლიურ საინვესტიციო სამიტში, რომელსაც 200 უმსხვილესი კორპორაცია, ინვესტორი და ფინანსური კომპანია ესწრებოდა.