თბილისის საქალაქო სასამართლოში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობის საქმეზე პროცესი გაიმართა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მამაკაცი როინ მებონია. როგორც სხდომაზე, ბრალდებულის ადვოკატმა სულხან კომახიძემ განაცხადა, როინ მებონიას შეზღუდული შერაცხადობა აქვს და შემთხვევის დროს ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა. ადვოკატის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო, ბრალდებულს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებებში, ამასთან, მისივე თქმით, მებონიას ფსიქიკური ნაკლი ხელს უშლის იმაში, რომ სასჯელი მოიხადოს.