თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21 700-ზე მეტია. დაშავეულია 75 ათასი ადამიანი. თურქეთის 10 პროვინციაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.
ჰათაის პროვინციაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრიდან 90 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან დედა და 10 დღის ჩვილი, ამოიყვანეს. მაშველებმა, ქალაქ გაზიანთეფში, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს, 17 წლის ბიჭის გადარჩენაც შეძლეს. ის სარდაფიდან გამოიყვანეს, სადაც მიწისძვრის შემდეგ იყო ჩარჩენილი. 94 საათის განმავლობაში ნანგრევებში მოყოლილმა ბიჭმა განაცხადა, რომ წყურვილის მოსაკლავად იძულებული იყო საკუთარი შარდი დაელია.
სამაშველო ოპერაციის პარალელურად, ძლიერი უამინდობა და ყინვა საფრთხეს ათასობით ადამიანს უქმნის, რომლებიც მიწისძვრას გადაურჩნენ და თავშესაფრის, წყლისა და საკვების გარეშე არიან დარჩენილები.
ბრიტანული მედიის ცნობით, გაერთიანებული სამეფო თურქეთში ათასობით თერმულ საბანს გზავნის და უახლოეს დღეებში დაშავებული ადამიანებისათვის საველე ჰოსპიტლის მოწყობას გეგმავს.