ლუკინო ვისკონტის „როკო და მისი ძმები“ - მსოფლიო კინოს უდიდესი შედევრი და ერთგვარი ეპოსია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი იტალიის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რომელიც 60-წლიანი ისტორიის მანძილზე არა თუ მოძველდა, არამედ პირიქით, თავიდან შეიძინა ტრაგიკული ჟღერადობა.
მარტინ სკორსეზეს შეფასებით, სწორედ ვისკონტის ნამუშევარი უნდა ნახოს ყველა ნამდვილმა კინომოყვარულმა და აუცილებლად ორიგინალის ენაზე, რადგან საუკეთესო დუბლირების შემთხვევაშიც კი ირღვევა ფილმის უნიკალური პოლიფონია, ამიტომ გასაკვირი არაა რომ 1960 წელს „როკოს“ პარიზული პრემიერის შემდეგ, ბრწყინვალე გახმოვანების მიუხედავად, ფრანგებმა მაინც მისი ავთენტური ვერსიის ნახვა მოინდომეს.
მართალია, პერსონაჟთა უმეტესობა, პირველ რიგში ალენ დელონის როკო და ანი ჟირარდოს ნადია იტალიელმა მსახიობებმა გაახმოვანეს, მაგრამ იმდენად ბუნებრივად და ორგანულად მოერგო მათი ხმა ფრანგ კოლეგების თამაშს, რომ ხშირად დაჯერებაც შეუძლებელია, რომ ცნობილი მსახიობები უცნობი დუბლიორების ხმით საუბრობენ.
თავიდან გახმოვანდა კლაუდია კარდინალეს და კატინა პაქსინოს პერსონაჟებიც, რადგან ტუნისში გაზრდილ კარდინალეს სპეციფიური აქცენტი ჰქონდა, ბერძენი მსახიობი კი, რომელმაც ანტიკურ დადგმებში მონაწილეობით გაითქვა სამშობლოში სახელი, საერთოდ არ ლაპარაკობდა იტალიურად.
სხვათა შორის, პაქსონი, რომელმაც საოცარი პათოსით განასახიერა პარონდის ოჯახის უფროსი და ძმების დედა, ახალგაზრდობაში ოპერაში მღეროდა, მერე კი, თეატრის სცენაზე გადაინაცვლა და ანტიკური სიუჟეტების წამყვანი მსახიობი გახდა. აღსანიშნავია, რომ სინიორა პარონდი მისი შესრულებით, არა უბრალოდ დედის, არამედ ნამდვილ იტალიელი ქალის, უზარმაზარი ოჯახის და მრავალშვილიანი დედის განსახიერებად იქცა.
უცნაურია, მაგრამ ნამდვილი იტალიური დრამა ვისკონტიმ სწორედ უცხოელი მსახიობების მონაწილეობით შექმნა, რადგან სპირას ფოკასი (უფროსი ძმის - ვინჩენცოს როლში) და კატინა პაქსინო ბერძნები, ალენ დელონი და ანი ჟირარდო კი, ფრანგები არიან, ისე როგორც მაქს კარტიე და როჟე ანენი.
აღსანიშნავია, რომ ჩირო პარონდის როლის შემსრულებელს მაქს კარტიეს, რომელიც მანამდე სანტექნიკოსად მუშაობდა, საერთოდ არ ჰქონდა სამსახიობო გამოცდილება და მხოლოდ დელონის წყალობით მოხვდა გადასაღებ მოედანზე. მეტიც, კარტიემ იმდენად მნიშვნელოვანი და კონცეპტუალური როლი მიიღო, რომ ვისკონტის სათაურის შეცვლა და ფილმისთვის „ჩირო და მისი ძმების“ დარქმევაც კი უნდოდა, რადგან სწორედ ჩირო - Alfa Romeo-ს საავტომობილო ქარხნის მექანიკოსი აღიქმებოდა მომავლისა და ახალი იტალიის სიმბოლოდ.
ამასთანავე, კარტიესთან მუშაობის სურვილით ვისკონტიმ ფრანგული „ახალი ტალღის“ ვარსკვლავს, ბევრად ნიჭიერ და გამოცდილ ჟერარ ბლენს უთხრა უარი. მართალია, რეჟისორმა ინტუიციით ნაკარნახევი, ერთი შეხედვით გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ არჩევანმა გაამართლა, რადგან უხეში გარეგნობის კარტიე იდეალურად მოერგო მდაბიო პროვინციალის როლს, დელონი კი, პირიქით, თავისი იდეალური ანთროპოლოგიით უფრო აშკარად გამოიკვეთა დაბალი სოციალური ფენის ოჯახის წევრების ფონზე, რასაც როკოსა და სიმონეს შორის კონტრასტმაც ანუ ბნელსა და ნათელს, კეთილსა და ბოროტს შორის დაპირისპირებამაც გაუსვა ხაზი.
ვისკონტის დაჟინებული მოთხოვნით მიიღო ანი ჟირარდომ ნადიას როლი. მართალია, პროდიუსერები ბრიჯიტ ბარდოს ან პასკალ პეტის კანდიდატურას სთავაზობდნენ რეჟისორს, მაგრამ მან ბარდოს სილამაზესა და პეტის სიმსუბუქეს ჟირარდოს გამოცდილება, ინტელექტი და თანდაყოლილი არტისტიზმი ამჯობინა.
გავრცელებული ხმები ვისკონტის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც სწორედ ახალბედა დელონის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და თამამად განაცხადა, რომ „ან ალენთან იმუშავებდა, ან საერთოდ უარს იტყოდა ფილმის გადაღებაზე“, მხოლოდ ნაწილობრივ შეეფერება სიმართლეს, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეჟისორი მართლა შეყვარებული იყო ახალგაზრდა მსახიობში, რთული წარმოსადგენია, რომ ამდენად მნიშვნელოვან როლს უნიჭო არაპროფესიონალს მანდობდა, მით უფრო, რომ თავად დადო უზარმაზარი ფსონი ფილზე, რომლის დადგმას რამდენიმე წელი გეგმავდა.
რეჟისორისთვის მთავარი არა დელონის მომნუსხველი სილამაზე, არამედ მისი გაორებული ბუნება აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ვისკონტიმ პირველმა დაინახა ახალგაზრდა მსახიობის მუდამ მშფოთვარე ხასიათი და ნგრევის გაუცნობიერებელ ინსტინქტი, რომელსაც კეთილშობილი იერი მალავდა, ჟურნალისტის ირონიულ შენიშვნას კი, თითქოს დელონი საკუთარი გარეგნობით მანიპულირებდა, მკაცრად უპასუხა, რომ უნაკლო გარეგნობის გარდა, ბევრისგან განსხვავებით დელონს საოცარი ნიჭი და თავდაუზოგავად შრომის უნარი ჰქონდა.
სხვათა შორის, ალენთან შეხვედრამდე ვისკონტი მეტად ქარიზმატული გერმანელი მსახიობის ჰორსტ ბუხოლცის კანდიდატურას განიხილავდა მთავარ როლზე, თუმცა, 1958 წელს, ლონდონში ცნობილი ოპერის „დონ კარლოსის“ პრემიერაზე დელონის გაცნობის შემდეგ მიხვდა, რომ ნამდვილ როკოს მიაგნო და მას შემდეგ აზრი აღარ შეუცვლია.
აღფრთოვანებული დარჩა ვისკონტისთან ნაცნობობით ახალგაზრდა დელონიც, რომელსაც მანამდე არასდროს ენახა მსგავსი მასშტაბის გენიოსი. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მსახიობზე, მისმა დახვეწილმა გემოვნებამ და არისტოკრატულმა მანერებმა, მდიდრულმა სასახლემ და მოსამსახურე პერსონალმა, ფერწერულმა ტილოებმა და ანტიკვარულმა ნივთებმა დატოვა.
წარჩინებული წარმომავლობის ვისკონტის ყოველთვის იზიდავდა დაბალი სოციალური კლასის ადამიანებთან ურთიერთობა, თუმცა არა საკუთარი უპირატესობის დემონსტრირების, არამედ სამყაროს სრულად, ილუზიების გარეშე აღქმის სურვილით. სწორედ ამგვარმა განწყობამ შეასრულა გადამწყვეტი როლი ქასთინგის დროს, რადგან როკო არა უბრალოდ ლამაზი ახალგაზრდა, არამედ საკმაოდ რთული პერსონაჟია, რომლის ახალგაზრდული უმანკოება და უნაკლო გარეგნობა ცდუნებასა და პირველყოფილ სისასტიკეს ნიღბავს, დელონის ფსიქოფიზიკა კი, რომელშიც მდაბიო და ამაღლებული, ნათელი და ბნელი ავსებენ ერთმანეთს, ბრწყინვალედ მოერგო ეპოსს პროვინციულ სამხრეთელ ძმებზე, რომლებიც თავგამოდებით ცდილობენ მილანში დამკვიდრებას.
ანალოგიური პრინციპით იხელმძღვანელა ვისკონტიმ კატინა პაქსინოს შემთხვევაშიც. რეჟისორი არ შეუშინდა გამოცდილი მსახიობის ზოგჯერ გადამეტებულ თეატრალურობას და ტემპერამენტის სრულად გამოვლენის უფლება მისცა, რას ასევე იდეალურად მოერგო ფილმის თითქმის დოკუმენტურ სტილს.
„როკომ და მისმა ძმებმა“ პრაქტიკულად დაასრულეს ნეორეალიზმის ეპოქა და სწორედ ვისკონტიმ დაადგა გვირგვინი უმნიშვნელოვანეს კულტურულ ფენომენს საკუთარი ნამუშევრით, რომელშიც ეპოსი და დოკუმენტალიზმი, ტრაგიზმი და ოპერისთვის დამახასიათებელი პომპეზურობის გააერთიანა.
ფილმის მთავარი თემა კონფლიქტია როკოს, სიმონესა და ნადიას შორის. მართალია, როკო, რომელიც ე.წ ღირსების კოდექსით ხელმძღვანელობს, სამუდამოდ შორდება საყვარელ ქალს, მაგრამ მაინც ვერ ახერხებს მის დაცვას ძმისგან, რომელიც უმოწყალოდ უსწორდება მოღალატეს, სინიორა პარონდი კი, იმავე ღირსების კოდექსს იშველიებს მკვლელი შვილის დასაცავად, თავგამოდებით ამტკიცებს, რომ „სწორედ სიკვდილს იმსახურებდა მეძავი“ და მხოლოდ როკო აღიარებს, რომ სამი ადამიანის ცხოვრება დაანგრია საკუთარი პრინციპების ერთგულებით.
ფილმის საკვანძო სცენა სიმონეს დაბრუნებაა სახლში ნადიას მკვლელობის შემდეგ, როცა მთელი ოჯახი სამეზობლოსთან ერთად აღნიშნავს როკოს რინგზე გამარჯვებას, სიმონე კი, რომელსაც ყოველთვის შურდა ძმის წარმატება, სიხარულის გაზიარების ნაცვლად ისევ უბედურება მოაქვს მისთვის. თუმცა უზარმაზარი ტკივილის მიუხედავად, სწორედ როკო პატიობს ძმას დანაშაულს და ცდილობს მის გადარჩენას.
აღსანიშნავია, რომ როკოც ისეთივე მსხვერპლია, როგორც ნადია, თუმცა როკომ საკუთარი ნებით შესწირა ძმას თავი მსხვერპლად, რადგან მუდამ მისი შეცდომების გამოსწორებას ცდილობს და მართალია, საშინლად სძულს კრივი, რადგან მიუღებელია ძალადობა, მაგრამ სწორედ სიმონეს ვალების გასასტუმრებლად აფორმებს კაბალურ კონტრაქტს, რომელსაც მხოლოდ მორალური და ფიზიკური ტკივილი მოაქვს მისთვის.
რა თქმა უნდა, დღეს „როკო და მისი ძმები“ ვისკონტის ერთ-ერთ მთავარ შედევრადაა მიჩნეული, თუმცა ნამდვილად ვერ შედგებოდა ფილმი რომ არა მთავარი როლის შემსრულებლები - ანი ჟირარდო, ალენ დელონი და რენატო სალვატორე სიმონეს როლში, რადგან სწორედ მათი ნიჭის, ოსტატობისა და დაუღალავი შრომის წყალობით განახორციელა რეჟისორმა საკუთარი ჩანაფიქრი. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თავად ვისკონტის უნარიც, რომელიც ყოველთვის მაქსიმალურად ეხმარებოდა მსახიობებს შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოვლენაში. მეტიც, ხშირად თვითონ განასახიერებდა რთულ პერსონაჟებს და არა სიტყვებით, არამედ საკუთარი მაგალითით აჩვენებდა რას მოითხოვდა მათგან.
სიუჟეტისა და დრამატურგიის სირთულის მიუხედავად ფილმის გადაღება მხოლოდ სამი თვე გაგრძელდა. ვისკონტი მონტაჟის დაწყებას ჩქარობდა, რადგან ფილმის ვენეციის კინოფესტივალზე ჩვენებასა და მთავარი პრიზის - ოქროს ლომის მიღებას გეგმავდა.
მართალია, პრემიერამ წარმატებით ჩაიარა, ფილმმა კი დარბაზში შეკრებილი მაყურებლის აღფრთოვანება და ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა, მაგრამ მთავარი პრიზი მაინც ანდრე კაიატის დრამამ „რეინზე გადასვლამ“ მოიპოვა, „როკოს და მის ძმებს“ კი, მხოლოდ დევიდ დონატელოს და ფიპრესის ერთგვარი „სანუგეშო“ პრიზი ერგო, რამაც საშინლად გაანაწყენა ვისკონტი. რეჟისორმა მსგავსი დამოკიდებულება შეურაცხმყოფლად მიიჩნია და ღიად განაცხადა საკუთარი უკმაყოფილების შესახებ.
არ ჩამორჩა ფესტივალის ჟიურის არც პრესა, რომელმაც არ დაინდო რეჟისორი და მკაცრად გააკრიტიკა მისი ნამუშევარი. მეტიც, ჟურნალ Figaro-ს მიმომხილველმა „როკო“ უდაბნოს შეადარა, რომლის გავლა ისეთივე რთული და მომქანცველია, როგორც თითქმის 3-საათიანი ფილმის ყურება. ვისკონტის ნამუშევარი მხოლოდ ფრანგულმა ინტელექტუალურმა ჟურნალმა Les Cahiers du cinéma-მა დაიცვა. ცნობილმა კინოთეორეტიკოსმა ჟაკ დელაკრუამ „როკო“ თომას მანის, დოსტოევსკის ნაწარმოებებს გაუტოლა და არა მხოლოდ მისი მასშტაბურობა, არამედ ბრწყინვალე გამომსახველობა და ის ჰუმანურობა აღნიშნა, რომელიც ფილმის მთავარ გზავნილად იქცა. ხაზი გაესვა თავად ვისკონტის პროზაულობასაც, რადგან რეჟისორმა კინემატოგრაფიული ინტერპრეტაციით შექმნა ნამდვილი ეპოსი, თუმცა ეკრანისთვის ნაკლებად დამახასიათებელი პოლიფონიითა და გლობალური მნიშვნელობით.