რუსეთმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში მდებარე ობიექტებზე ე.წ. "კამიკაძე-დრონებით" თავდასხმა განახორციელა.
წუხელ, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ქვეყნის უმეტეს ნაწილში გაისმა. დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის განცხადებით, ცაში ირანული Shahed-ის დრონები დააფიქსირეს.
მოგვიანებით, Dnipro Info-ს „ტელეგრამ“ არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა მინიმუმ ერთი დრონი ჩამოაგდეს.
ოფიციალური პირებისა და ადგილობრივების ინფორმაციით, ირანული დრონები გამოჩნდა მიკოლაივისა და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.
ამასთან, ადგილობრივების თქმით, აფეთქებების ხმა ისმოდა აღმოსავლეთ დონბასში, უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქებში - კრამატორსკსა და სლოვიანსკში. ორივე ურბანული ცენტრი ბახმუტთან ახლოსაა, სადაც რამდენიმე თვეა მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.