თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად 21 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თურქეთში 17 674 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სირიაში - 3 377.
BBC-ი წერს, რომ მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას განაგრძობენ, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად მათი გადარჩენის იმედიც მცირდება.
ამასთან, არსებული ყინვა საფრთხეს უქმნის ათასობით ადამიანს, რომელიც მიწისძვრას გადაურჩა, მაგრამ ახლა თავშესაფრის, წყლისა და საკვების გარეშეა დარჩენილი.
მსოფლიო ბანკი თურქეთს დახმარების სახით 1.78 მილიარდი დოლარს დაჰპირდა, მათ შორის ძირითადი ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების დასაფინანსებლად. აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს სირიაში გაერო-ს პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა.
გაერო-ს გენერალური დირექტორის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, კატასტროფის სრული მასშტაბები ჯერ კიდევ „თვალწინ იშლება“, განსაკუთრებით სირიაში, სადაც ხანგრძლივმა სამოქალაქო ომმა გაანადგურა ქვეყანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი სირიაში გაემგზავრა.