დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და მიიჩნია, რომ 2014-2015 წლებში გიორგი უგულავას დაკავება მიზნად არ ისახავდა პოლიტიკური ცხოვრებიდან მის ჩამოშორებას. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მომჩივანი 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრამდე ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობა) კანონიერების თაობაზე დაობდა. იგი აგრეთვე ამტკიცებდა, რომ პატიმრობის შეფარდების ერთადერთ მიზანს პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი ჩამოშორება წარმოადგენდა.
„სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, 2014 წლის ივლისში მომჩივნის დაკავება მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის დასაბუთებულ ვარაუდს ეფუძნებოდა, რომელიც პროკურატურის მიერ მოპოვებული არაერთი მტკიცებულებით დასტურდებოდა. ევროპული სასამართლო ეროვნული სასამართლოების მსჯელობას იმ ნაწილში დაეთანხმა, რომ მომჩივნის მხრიდან გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხეები არსებობდა.
სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მომჩივნის მტკიცება მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ უარყო მომჩივნის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს მთავარი მოტივი გამოძიების წარმოების და პატიმრობის გამოყენების კონტექსტში პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება იყო.
სასამართლომ განმარტა, რომ მაღალი პოლიტიკური სტატუსი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან იმუნიტეტის მინიჭებას არ ნიშნავს. სტრასბურგის სასამართლომ ასევე ხაზი გაუსმა ეროვნული სასამართლოების აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას და აღნიშნა, რომ არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი, რომელიც ეროვნული სასამართლოების დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ დააყენებდა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ზემოხსენებული პროცესები მომჩივნის პოლიტიკური სცენიდან გაყვანას არ ემსახურებოდა.
დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ კონვენციის დარღვევა ორ ეპიზოდთან მიმართებით დაადგინა, რომელთაგან ორივე შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს კრიტიკის საგანს წარმოადგენდა 2015 წლამდე მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა.
კერძოდ, მომჩივნის დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 2015 წელს მოქმედი კანონმდებლობით, არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მიხედვით ცალ-ცალკე, პარალელურ ან თანმიმდევრულ სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 15 სექტემბერს საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია.
შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიგნებები გაიზიარა და მიიჩნია, რომ 2014 წლის ივლისში მომჩივნისათვის პატიმრობის პირველადი შეფარდებიდან 9 თვის გასვლის შემდგომ, მისი პატიმრობაში დატოვება კონვენციის დარღვევას წარმოადგენდა. ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ მომჩივნის განგრძობადი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ.
აღსანიშნავია, რომ ორივე საკითხი დღესდღეობით მოქმედი კანონმდებლობითა და პრაქტიკით არის აღმოფხვრილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პარალელურად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა შეიცვალა. გარდა ამისა, განგრძობადი პატიმრობისას, დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ავტომატურად, პატიმრობის გაგრძელების საჭიროების გადასინჯვა ორ თვეში ერთხელ ხდება,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.