ქართული ბიგმაკის ფასი წლიურად 19.7%-ით გაიზარდა. აისეტის კვლევითი ინსტიტუტი ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახამადაც მიმდინარე წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება წლიურ ჭრილში გაიზარდა და საშუალო ფასმა 6.93 ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვრის მაჩვენებელს 19.7%-ით აღემატება.
ფასებს დეტალურად თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ იანვარში წლიურმა ინფლაციამ ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასზე იმოქმედა: ყველი (+24.9%), რძე (+17.6%), საფუარი (+16.4%), კარაქი (+12.6%), ფქვილი (+10.9%), კვერცხი (+9.5%). წლის ამ პერიოდში ფასების ზრდას, როგორც წესი, ადგილობრივი რძის წარმოების შემცირება და იმპორტირებული რძის ფხვნილით ჩანაცვლება იწვევს, რომლებიც ძირითადად უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოდის. უკრაინაში რუსეთის ომმა რძის პროდუქტების მიწოდება შეაფერხა, რაც შესაძლოა, შესაბამისად, იწვევდეს საქართველოში იმპორტის გაძვირებას.
"მართალია, საქართველოში სურსათის ფასები წლიურ ჭრილში იზრდებოდა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო ფასები უკვე მეცხრე თვეა მცირდება და FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა 2022 წლის ნოემბრიდან დაწყებული წლიურ ჭრილშიც კლება დაიწყო. როგორც წესი, საერთაშორისო ფასების შემცირება ადგილობრივ ბაზრებზე გვიან აისახება, თუმცა, თუ კლების ტენდენცია შენარჩუნდება და საერთაშორისო ფასები დასტაბილურდება, საქართველოში სურსათის ფასებზე აღმავალი წნეხი, შესაძლოა, მალე შერბილდეს,“- ნათქვამია „აისეტის“ ინფორმაციაში.