2022 წელს, საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვის თვალსაზრისით, რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ. ამის შესახებ BD-GROUP-ის ექსპერტების მონაცემებშია ნათქვამი, რასაც Lente.ru ავრცელებს.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში უძრავი ქონების შეძენაში რუსეთის მოქალაქეების წილმა 86,32% შეადგინა. საქართველოში საცხოვრებელი სახლების ყველაზე აქტიურ მყიდველთა სიაში მეორე ადგილი დსთ-ის ქვეყნების კლიენტებმა დაიკავეს. ერთი წლის განმავლობაში დსთ-ის ქვეყნების კლიენტთა მოთხოვნების საერთო რაოდენობა 177%-ით არის გაზრდილი. პირველ სამეულში, შედიან ასევე მყიდველები აზიის ქვეყნებიდან.
ექსპერტები განმარტავენ, რომ გასულ წელს საქართველოში ბინის შეძენის მიმართ ინტერესი ყველაზე მეტად აზიის მოქალაქეებში გაიზარდა. ასეთი კლიენტების მოთხოვნები წლის განმავლობაში თითქმის ხუთჯერ გაიზარდა.
BD-GROUP-ის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე გლობალური მოთხოვნა, 2021 წელთან შედარებით, 253,5%-ით გაიზარდა. ჯგუფის ექსპერტების შეფასებით, კლიენტები ამ ქვეყანას კომფორტული კლიმატის, ბიზნესის დაწყების მარტივი სისტემისა და უცხოელებისთვის სამუშაო შეზღუდვების არარსებობის გამო ირჩევენ. ექსპერტებმა ყველაზე აქტიურ მყიდველებს შორის, რუსების გარდა, ბელარუსის, უკრაინის, ისრაელის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეები გამოარჩიეს. მათი თქმით, ამ ქვეყნებში საქართველო, როგორც საინტერესო საინვესტიციო ბაზარი, აქტიურად არის რეკლამირებული.