საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტზე მსჯელობას იწყებს. კანონპროექტი გულისხმობს საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დანერგვას. ამ სისტემით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირისთვის გარანტირებულია სათანადო კომპენსაცია კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, მაშინაც კი, როდესაც ავარია გამოწვეულია დაუზღვეველი ან/და დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით. თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია.
კანონპროექტით გათვალისწინებულია სადაზღვევო პრემიები ავტომობილების კატეგორიებისა და ძრავის მოცულობის მიხედვით. კანონპროექტი ადგენს სადაზღვევო ლიმიტებს წლის განმავლობაში მესამე პირის როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე, ისე ქონებისათვის მიყენებულ ზიანზე. კონკრეტული ლიმიტი დადგენილია თითოეული ავტოსაგზაო შემთხვევისთვის როგორც ერთ პირზე, ისე ჯამური, თუმცა წლის განმავლობაში ლიმიტის ამოწურვა არ ხდება მიუხედავად შემთხვევების რაოდენობისა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუ ერთი შემთხვევისას დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა აღემატება ჯამურ ლიმიტს, ანაზღაურება თითოეულზე გაიცემა ლიმიტის ფარგლებში, პროპორციულად,“- ნათქვამია დოკუმენტში.