დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა. უკვე შესრულებულ პროექტებთან ერთად, ღონისძიებაზე, სამომავლო გეგმებიც განიხილეს.
2022 წელს, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3 530 დევნილ ოჯახს გადაეცა. 2023 წლიდან კი, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები 5 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში დაიწყება.
სააგენტოს დირექტორის ირაკლი მხეიძის თქმით, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, ახალი საცხოვრებელი ფართით იძულებით გადაადგილებული 13 000 ოჯახი დაკმაყოფილდება - ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 7000 ოჯახს გადაეცემა, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში კი 6000 დევნილი ოჯახი განსახლდება, რის შედეგადაც მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი ოჯახი აღარ იცხოვრებს.