„საუკეთესო მუსიკა კინოშია, რადგან სწორედ მუსიკას უსმენთ ეკრანზე ცქერისას. მუსიკა, რომელიც მხოლოდ გესმით და არ უსმენთ, ფილმისთვის არ გამოდგება და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ბრწყინვალეა კომპოზიცია ფილმის გარეშე“, - აღნიშნა ენიო მორიკონემ - გენიოსმა კომპოზიტორმა რომლის 500-მდე ნაწარმოებმა ყველას დაუმტკიცა რომ მუსიკა არა უბრალოდ რეჟისორის დამხმარე, მეორეხარისხოვანი ინსტრუმენტი, არამედ კინოწარმოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ცნობილი ჯაზ-მუსიკოსის, პროფესიონალი მესაყვირის მარიო მორიკონეს ოჯახში დაბადებულმა ენიომ ადრეულ ასაკში გადაწყვიტა, რომ აუცილებლად მამის გზას გაჰყვებოდა და მასსავით მუსიკოსი იქნებოდა. 6 წლის ენიომ პირველი კომპოზიცია შექმნა, 12 წლისა კი, სანტა-ჩეჩილიას კონსერვატორიაში ჩაირიცხა. მოზარდი სტუდენტი, რომელმაც 16 წლის ასაკში ჩაანაცვლა მამა ორკესტრში, ჯერ საყვირზე დაკვრას სწავლობდა, მერე კი კომპოზიციით დაინტერესდა.
დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილით ენიომ საკმაოდ ადრე დატოვა მშობლების სახლი და ძალიან გაუმართლა, რადგან სამუშაოსთან ერთად შემოსავალიც ყოველთვის სტაბილურად ჰქონდა. პირველი გამოცდილება ახალბედა კომპოზიტორმა თეატრში შეიძინა, მერე კი, ხმისჩამწერ სტუდიაში გადაინაცვლა, სადაც რადიოსა და ტელევიზიის დაკვეთით მუშაობდა პოპულარული სიმღერების არანჟირებაზე.
მართალია, მორიკონე, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ თანამედროვე არანჟირების მამას, მთელი 12 წელი სწავლობდა, სამაგიეროდ კონსერვატორია ერთდროულად სამი - მესაყვირის, ინსტრუმენტალისტისა და კომპოზიტორის სპეციალობით დაამთავრა.
კინომუსიკით მორიკონე 31 წლის ასაკში დაინტერესდა, როცა ფრანკო როსის დრამაზე „მეგობრის სიკვდილზე“ იმუშავა, სრულფასოვანი დებიუტი კი, 1961 წელს შედგა ე.წ. „სპაგეტი-ვესტერნის“ ჟანრში, რომელიც დღეს სწორედ მის სახელთან ასოცირდება, რადგან წარმოუდგენელია სერჯიო ლეონეს „კარგი, ცუდი, ბოროტი“ ან „ერთხელ ველურ დასავლეთში“ მისი მუსიკის გარეშე.
სხვათა შორის, ლეონე და მორიკონე ერთ კლასში სწავლობდნენ და ბავშვობიდან მეგობრობდნენ, ამიტომ „ვესტერნის მამად“ წოდებული რეჟისორი სხვებზე კარგად იცნობდა მეგობარი კომპოზიტორის შესაძლებლობებს და სწორედ მასთან მუშაობას ანიჭებდა უპირატესობას. მეტიც, ლეონეს 7 ფილმიდან 6 სწორედ მორიკონემ გააფორმა მუსიკალურად. ამასთანავე, ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებული ტრადიციის დარღვევით ლეონე ყოველთვის გადაღებების დაწყებამდე სთხოვდა მეგობარს საუნდთრეკის შექმნას, რომელსაც გადასაღებ მოედანზე რთავდა მსახიობებისთვის შესაბამის განწყობის შესაქმნელად.
იმავე სქემით მუშაობდა კომპოზიტორი ჯუზეპე ტორნატორესთან, ვისთვისაც 14-იდან 12 ფილმი გააფორმა, თუმცა რეკორდი მაინც მაურო ბოლონინი დაამყარა, რომელმაც 16 ნამუშევარში გამოიყენა მაესტროს მუსიკა.
1969 წელს მორიკონემ მიხეილ კალატოზიშვილი გაიცნო და სწორედ მისი ფილმის „წითელი კარვის“ საერთაშორისო ვერსიისთვის შექმნა საუნდთრეკი. აღსანიშნავია, რომ იტალიელი აერონავტების 1928 წლის ექსპედიციისა და გადარჩენის რეალური ისტორიის მიხედვით დადგმული ფილმი კალატოზიშვილის ბოლო ნამუშევარი აღმოჩნდა.
1970-იანი წლების პირველი ნახევარი მორიკონემ ბერნარდო ბერტოლუჩისთან და პიერ-პაოლო პაზოლინისთან, დარიო არჯენტოსა და ძმებ ტავიანებთან თანამშრომლობით აღნიშნა, მეორე ნახევარში კი, მისი მუსიკით ფრანგული კინოს წარმომადგენლები რობერ ენრიკო, ანრი ვერნიე და ფრანსის ჟირო დაინტერესდნენ.
განსაკუთრებით იღბლიანი მორიკონესთვის 1980-იანი წლები აღმოჩნდა, როცა მსოფლიო კინოს ისეთი შედევრებზე იმუშავა, როგორიც ლეონეს „ერთხელ ამერიკაში“, ლონტერის „პროფესიონალი“, პოლანსკის „დაუმორჩილებელი“ და ტორნატორეს „ახალი კინოთეატრი „პარადიზოა“. ცალკე აღნიშვნის ღირსია საკულტო სერიალი „რვაფეხა“. მართალია, შემოქმედებით ჯგუფს მორიკონე მეორე სეზონიდან შეუერთდა, მაგრამ არაჩვეულებრივი კომპოზიციები შექმნა, რომელთაც ერთნაირი სიმძაფრე შემატეს როგორც დაძაბულ და დინამიურ კრიმინალურ ეპიზოდებს, ისე ლირიულ სცენებსა და მთავარი პერსონაჟის - კომისარ კატანის პირად დრამას.
კინემატოგრაფიული წარმატების მიუხედავად, 80-იანი წლების ბოლოს მორიკონე საკონცერტო მუსიკამ, განსაკუთრებით დირიჟორობამ გაიტაცა და 100-მდე საორკესტრო ნაწარმოები შექმნა ისეთი რთული ინსტრუმენტების სოლირებით, როგორიც კლავესინი, ტიმპანი და მარიმბაა.
საკუთარი წვლილი შეიტანა კომპოზიტორმა ამერიკული კინომუსიკის განვითარებაშიც. 1990-იან წლებში, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს „ჰოლივუდის ათწლეული“ მორიკონემ ჯერ ბარი ლევინსონის ფილმებზე „ბაგსისა“ და „მხილებაზე“, მერე მაიკ ნიკოლსის „მგელსა“ და ედრიან ლაინის „ლოლიტაზე“ იმუშავა, 2000 წელს კი, ისევ ევროპაში, ძველ მეგობარს ჯუზეპე ტორნატორეს დაუბრუნდა და სწორედ მასთან ერთად შექმნა დრამა „მილენა“, რომელშიც მთავარი როლი მონიკა ბელუჩიმ შეასრულა.
ახალ ათასწლეულში მორიკონემ არა მხოლოდ ტორნატორეს ფილმები, მათ შორის „საუკეთესო წინადადებისა“ და „უცნობი ქალის“ გააფორმა მუსიკალურად, არამედ კვენტინ ტარანტინოს შეთავაზებაც მიიღო. მართალია, განსხვავებული შემოქმედებითი სტილისა და მუდმივი უთანხმოების გამო მაესტროსთვის ძალიან რთული აღმოჩნდა „საძულველ რვიანზე“ მუშაობა, მაგრამ სწორედ ტარანტინოს ფილმის წყალობით დაიმსახურა „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ პრემიები. ამასთანავე, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სწორედ „რვიანით“ დაუბრუნდა მშობლიური ვესტერნის ჟანრს და ერთგვარად შეაჯამა 55-წლიანი კარიერა.
მორიკონემ, რომელიც სამართლიან ითვლება ყველაზე ნაყოფიერ კინოკომპოზიტორად, პრესტიჟულ პრიზებსაც მრავლად მოუყარა თავი. მაესტროს არსენალშია „ოქროს გლობუსის“ სამი, BAFTA-ს ექვსი და დევიდ დონატელოს ცხრა პრემია. პირველი „ოსკარი“ მორიკონემ 2007 წელს მიიღო კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის, მეორე კი - 2016 წელს დაიმსახურა ტარანტინოს „საძულველი რვიანისთვის“ შექმნილი მუსიკისთვის.
ამასთანავე, 2005 წელს მორიკონე იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის დაჯილდოვდა ქვეყნის მთავარი ჯილდოთი - დიდი ოფიცრის ორდენით, 2009 წელს კი, საპატიო ლეგიონის ფრანგული ორდენის კავალერი გახდა.