FIFA-მ 2022 წლის საუკეთესო მეკარის პრიზის ნომინანტების სია ხუთიდან სამამდე შეამცირა. ჯილდოსთვის ბრძოლას მაროკოსა და სევილიას მეკარე იასინ ბონო, არგენტინის ნაკრებისა და ასტონ ვილას გოლკიპერი ემილიანო მარტინესი და ბელგიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის მეკარე ტიბო კურტუა აგრძელებენ.
წლის მეკარის პრიზისთვის ბრძოლას ჩამოშორდნენ ბრაზილიის ნაკრების მეკარეები - ალისონ ბეკერი და ედერსონი.
31 წლის იასინ ბონო მაროკოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად კატარში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთთან დამარცხდა (0:2), მოგვიანებით კი მესამე ადგილისთვის მატჩში ხორვატიასთანაც წააგო (1:2).
ემილიანო მარტინესი კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა - მისმა ნაკრებმა ფინალში საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა (3:3, პენ: 4:2) და უმთავრესი საფეხბურთო ჯილდო ისტორიაში მესამედ მოიპოვა. თავად 30 წლის მარტინესი ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
რაც შეეხება ტიბო კურტუას, მისთვის და მისი ნაკრებისთვის კატარის მუნდიალი წარუმატებელი გამოდგა. ბელგიელებმა ჯგუფური ეტაპიც ვერ დაძლიეს. სამაგიეროდ, 30 წლის მეკარე წარმატებული საკლუბო დონეზე იყო - 2022 წელს მადრიდის რეალთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
ცნობისთვის, ფიფა 2022 წლის საუკეთესოებს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, 27 თებერვალს დაგეგმილ დაჯილდოების ცერემონიალზე გამოაცხადებს.