წარმოიდგინეთ როგორი შეგრძნებაა, როდესაც კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობის წვერზე დგახართ, რომლის ძირშიც რომაელი ლეგიონერები და ფარაონები დადიოდნენ, როდესაც თქვენს თვალწინ უდაბნო და კაირო თითქოს ხელისგულზეა გადაშლილი. ეგვიპტის პირამიდებზე ასვლა მსოფლიოში უამრავ ადამიანს სურს, თუმცა მოქმედი კანონმდებლობით, პირამიდებზე ასვლა და მის შიგნით არსებული სამარხების მონახულება კანონით აკრძალულია.
შეთანხმებული ექსკურსიის ფარგლებში პირამიდის შიგნით შესვლა შეიძლება, მაგრამ პირამიდის წვერზე მოხვედრა დანაშაულად ითვლება, იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს კანონი, რომელიც ეგვიპტის პირამიდებზე ასვლას კრძალავს.
1983 წელს ეგვიპტეში მიიღეს კანონი, რომელიც ისტორიული ძეგლების მონახულების წესების დარღვევისთვის, მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე მავნე ან უხამსი ქცევისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
მას შემდეგ ტურისტების მიმართ მოთხოვნები ეტაპობრივად გამკაცრდა, რაც ასევე პირამიდებზე ასვლის შეზღუდვებს მოიცავდა.
2019 წელს კანონში ცვლილება განხორციელდა და ჯარიმები გაიზარდა - ისტორიული კომპლექსის მონახულების წესების დარღვევისთვის ტურისტს შეიძლება დიდი ფულადი ჯარიმა დაკისრონ ან ერთი თვით დააპატიმრონ. თუ ისტორიული ძეგლი დაზიანდა, შესაძლებელია პატიმრობის ვადა 3 წლამდე გაიზარდოს. შესაბამისად, გათვალისწინებულია დეპორტაცია და ეგვიპტეში შესვლაზე უვადო აკრძალვა.
თუმცა ყოველთვის მოიძებნებიან თავზე ხელაღებული ადამიანები, რომლებიც დაუვიწყარი შეგრძნებებისთვის ყველაფერზე მზად არიან. ისინი დაცულ ტერიტორიაზე შესასვლელად ბილეთს გვიან საღამოს ყიდულობენ, იმალებიან და მთელი ღამით პირამიდებთან რჩებიან.
კანონდამრღვევები გამთენიისას პირამიდებზე იმ მხრიდან ადიან, რომელიც პოლიციის ყაზარმიდან არ ჩანს, წარმოუდგენლად ლამაზ გარიჟრაჟს ხვდებიან, შემდეგ კი ეგვიპტიდან სასწრაფოდ მიდიან, რათა თავხედობისთვის არ დაისაჯონ.
რატომ იკრძალება?
პირველი და მთავარი მიზეზი ძეგლის შენარჩუნებაა. საუკუნოვანი პირამიდები დროისა და ბუნებრივი კატაკლიზმების გავლენით იშლება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია პირმიდების წვერი და აკრძალვების შემოღებაც ამას უკავშირდება.
მეორე მიზეზი უსაფრთხოებაა. ხშირად, ტურისტებს პირამიდიდან დამოუკიდებლად ჩამოსვლა არ შეუძლიათ, სამაშველო ოპერაციები კი ძალიან ძვირი ჯდება და უამრავი სირთულე ახლავს.
მესამე და ყველაზე სამწუხარო მიზეზი ვანდალიზმია - ზოგი ტურისტი პირამიდის მწვერვალზე სექსით ერთობა, პორნოგრაფიულ ვიდეოებს იღებს, ცეკვავს, გოლფს თამაშობს და პირამიდას ქვებს ატეხავს, რათა სამახსოვროდ წაიღოს.