გლადიატორი ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ეპიკური კინოსურათია — მით უმეტეს, რომ ფილმი ისტორიული დრამის ნამდვილი დიდოსტატის, რიდლი სკოტის, ნამუშევარი გახლავთ. ოსკაროსანი ფილმის გამოსვლიდან ორ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ კი, მოვიდა დრო, მაყურებელმა მისი გაგრძელებაც იხილოს — გლადიატორის მეორე ნაწილი 2024 წლის მიწურულს, 24 ნოემბერს, გამოვა.
ფილმის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, უკვე ვიცით, რომ მისი რეჟისორი და პროდიუსერი კვლავაც რიდლი სკოტი იქნება. ამასთან, ცნობილია, რომ კინოსურათში მთავარი როლის შესასრულებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს სერიალ ჩვეულებრივი ადამიანების ვარსკვლავთან, პოლ მესკალთან.
აბზაცი შეიცავს სპოილერს გლადიატორიდანგლადიატორი მაყურებელმა პირველად 2000 წელს იხილა. ფილმში მთავარი როლები რასელ ქროუმ, ხოაკინ ფენიქსმა და კონი ნილსენმა განასახიერეს. რადგან ქროუს პერსონაჟი, მაქსიმუსი, ამბის დასასრულს კვდება, გაგრძელებაში, სავარაუდოდ, მესკალს მაქსიმუმის საყვარლის, ლუცილას, შვილის შესრულება მოუწევს.
რიდლი სკოტი ყოველთვის ამბობდა, რომ გლადიატორს გასაგრძელებლად დაუბრუნდებოდა. მით უფრო, რომ ფილმი გამორჩეულად წარმატებული გახდა, როგორც კომერციულად, ასევე კრიტიკოსებისა და მაყურებლის აღიარებით. 2001 წლის ოსკარზე გლადიატორმა ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის, საუკეთესო ფილმისა და მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიებში. ამასთან, ფილმმა მსოფლიოში $460 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.