მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ისევ იზრდება. ამჟამად Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობი 83 დოლარს აჭარბებს, რაც 2-დღიან შუალედში 4.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო ამერიკული ნედლი ნავთბის ღირებულება 77 დოლარია და იმავე პერიოდში 6.4%-ითაა გაზრდილი.
ნავთობზე ფასების ზრდას დიდი შვიდეულის მიერ რუსულ ნავთობპროდუქტებზე ბარელზე 100-დოლარიანი ფასის ჭერის დაწესება და თურქეთში მიწისძვრები განაპირობებს. რუსული ნავთობპროდუქტების წინააღმდეგ სანქციები 5 თებერვლიდან ამოქმედდა.
კერძოდ, ევროკავშირისა და G7-ის ქვეყნების მიერ დაწესდა ფასის ზღვარი და აიკრძალა ნავთობპროდუქტების საზღვაო მიწოდება ევროკავშირში. 5 დეკემბრიდან მსგავსი ზომები რუსულ ნედლ ნავთობზეც მოქმედებს და ბარელზე 60 დოლარს შეადგენს.რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს, სააგენტო Reuters-მა გადამზიდავ სააგენტო Tribeca-ზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯეიჰანის ნავთობტერმინალმა მიწისძვრის ეპიცენტრის სიახლოვის გამო ოპერაციები შეაჩერა.
საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, თურქეთის მთავრობამ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ჯეიჰანის საექსპორტო ტერმინალის მუშაობის აღდგენაზე დავალება უკვე გასცა და ნავთობის მიწოდება მალე დაიწყება. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის პორტები მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და მათ მუშაობაში შეფერხებები დაფიქსირდა. თუმცა Reuters-ის თანახმად, მაგისტრალური მილსადენები არ დაზიანებულა.