აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოზე გამავალი ელექტროკაბელის Black Sea Energy-ის პროექტი აამოქმედა. ილჰამ ალიევმა ხელი უკვე მოაწერა განკარგულებას სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების დამტკიცების შესახებ, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, კავკასიის რეგიონიდან ევროპაში ენერგეტიკული ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს.
სტრატეგიული პარტნიორობა წყალქვეშა ელექტროკაბელის, Black Sea Energy-ის მშენებლობას შეეხება, რომელიც 1000 მეგავატი სიმძლავრისა და 1195 კმ სიგრძის იქნება. პროექტის თანახმად, წყალქვეშა ელექტროკაბელით აზერბაიჯანში წარმოებული მწვანე ენერგია საქართველოსა და შავი ზღვის გავლით ჯერ რუმინეთს, შემდგომი ტრანსპორტირებით კი უნგრეთსა და დანარჩენ ევროპას მიეწოდება.
ამჟამად პროექტი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპზეა, რაც 2023 წლის სექტემბერში დასრულდება. Black Sea Energy მსოფლიოში ყველაზე გრძელი ელექტროკაბელი იქნება, რომლის გასაყვანადაც ევროკომისია ორი მლრდ, 300 მლნ ევროს გამოყოფას გეგმავს.