საქართველოს ეროვნულ ბანკს მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. ისინი დღევანდელ სხდომაზე სებ-ის ვიცეპრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ პარლამეტში 6 თებერვალს შესული კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობას ემატება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი და განისაზღვრება, რომ სებ-ის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 3 ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები. აღნიშნული კანონპროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ავალებს ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს.
ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონპროექტზე წარდგენილი შენიშვნები ასეთია: როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ბუნდოვანია, თუ რომელი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს მის მოვალეობას, ასევე ბუნდოვანია, თუ რა პროცედურით ხდება მოვალეობის შესრულების რომელიმე ვიცე-პრეზიდენტისთვის დაკისრება. ასევე შეუსაბამობა ცენტრალური ბანკების მმართველობის საერთაშორისო პრაქტიკასა და აღიარებულ პრინციპებთან. წინააღმდეგობა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმებულ პროგრამასთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის კომპლექსურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკს კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები და მათი დაჩქარებული წესით განხილვის ინიციატივა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
შეგახსენებთ, რომ 3 მარტიდან სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის უფლებამოსილების ვადა იწურება.