ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს.
სინეგუბოვის ცნობით, ხარკოვის ცენტრალურ ნაწილში რუსული ძალების რაკეტების დარტყმა დაფიქსირდა. წინასწარი ინფორმაციით, მტერმა S-300 ტიპის 6-10 რაკეტა გაისროლა.
ინფორმაცია ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმაც დაადასტურა. მისი თქმით, სარაკეტო დარტყმა ქალაქის კიევსკის რაიონში მდებარე სამრეწველო ობიექტზე განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ამ დროისთვის, დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.