აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერას რუსეთის შეჭრის ფონზე.
მისი თქმით, ერთი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრა იყო ტესტი შეერთებული შტატებისთვის, ტესტი მსოფლიოსთვის.
„მე ამ დარბაზში ვისაუბრე ერთი წლის წინ, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის გაჩაღებიდან რამდენიმე დღეში. ეს იყო საუკუნეების ტესტი, ტესტი ამერიკისთვის, ტესტი მსოფლიოსთვის. დავიცავდით უმთავრესს პრინციპებს? მხარს დავუჭერდით სუვერენიტეტს? მხარს დავუჭერდით ხალხის უფლებას, იცხოვრონ ტირანიის გარეშე? დავდგებოდით დემოკრატიის დასაცავად? დიახ, ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ ერთად გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკა ყოველთვის აკეთებს, რაც შეუძლია საუკეთესოდ. ჩვენ გავაერთიანეთ ნატო. ჩვენ შევქმენით გლობალური კოალიცია. ჩვენ შევეწინააღმდეგეთ პუტინის აგრესიას. ჩვენ დავდექით უკრაინელი ხალხის გვერდით“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
მან დარბაზში მყოფ უკრაინის ელჩს მიმართა და განუცხადა, რომ ამერიკა ერთიანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში.
„ელჩო, ამერიკა ერთიანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში. ჩვენ თქვენთან ვიდგებით იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ჩვენ ვიღვწით მეტი თავისუფლებისთვის, მეტი ღირსებისა და მეტი მშვიდობისთვის, არა მარტო ევროპაში, არამედ ყველგან“, -აღნიშნა ბაიდენმა.
ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესში ყოველწლიური სიტყვით წარდგა