დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. ამით პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას ირაკლი კობახიძის ციტატა მოჰყავს, რომლითაც კობახიძემ 2020 წელს, საარჩევნო სიის დასახელებისას საკუთარი თავი წარადგინა.
“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურს გამოეხმაუროს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბატონ ირაკლი კობახიძის პრეზიდენტის დისკრეციულ უფლების შესახებ განცხადებას.
მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ,,სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ", ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!“,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ საზოგადოებას ექნება უმძიმესი რეაქცია ასეთ აქტზე და ბუნებრივია, მასაც "ძალიან მძიმე რეაქცია" ექნებოდა. კობახიძის თქმით, ასეთი რამ თეორიულად რომ მოხდეს, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება.