გაჩნდა ჩვენ შესახებ - ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სრულიად შეურაცხმყოფელი კითხვა და ეჭვები - ,,ნუთუ საქართველო მიჰყვება თავის გაცხადებულ ორიენტაციას თუ უბრუნდება რუსეთის ორბიტას“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდა.
ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ შეილახა ქვეყნის რეპუტაიცა.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამგვარი დისკრედიტაცია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.
“ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა. რაც თავისთავად შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს, თუ კი რუსეთმა დაიჯერა, რომ დავკარგეთ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერა.
ამგვარი დისკრედიტაცია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია: ერთი მხრივ, ხელისუფლების რიტორიკის, ჯიუტი გადაწყვეტილებების და რუსეთის მიმართ გაუგებარი ლმობიერების, (ზედმეტი სიფრთხილე რუსეთის ხსენების დროს, სანქციების არიდების დაჟინებული რიტორიკა, თუ ფრენების აღდგენის პოზიტიურად შეფასება) რომელიც უპირისპირდება უკრაინელებისა და ჩვენ პარტნიორების მიმართ მკაცრ და ხშირად შეურაცხმყოფელ კრიტიკას. მეორე მხრივ, არანაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა, ,,ჰუმანიტარული პოზიციონირების“ მიღმა, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ქვეყნის რეპუტაციის შემლახველი გზავნილები, რომლებიც ბოლო პერიოდში კარგად დაგეგმილ და განხორციელებულ კამპანიაში გადაიზარდა (შერჩეული და გაუმართლებელი გაიგივება პუტინის რუსეთთან და ნავალნის პატიმრობასთან, თუ ოსვენციმის ხსენება)”, - წერს ზურაბიშვილი განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ვრცელდება.