ანსამბლ "რუსთავის" მომღერლები გერმანიასა და პოლონეთში კონცერტებს გამართავენ. ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ "რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელუს, გიორგი ნატროშვილის განცხადებით, "რუსთავის" მომღერლები ბერლინში, ჰამბურგსა და ვარშავაში მაყურებლის წინაშე ხალხურ სიმღერებს, ოთარ თაქთაქიშვილის სუიტას(მეგრული სიმღერები), იოსებ ბარდანაშვილის ნაწარმოებს "ფრთაო ნათლისაო" და ინგლისელი კომპოზიტორის დევიდ ბრუსის კომპოზიციას შეასრულებენ.
აღნიშნული ნაწარმოები ქართულ ენაზე სპეციალურად ანსამბლ "რუსთავისთვის" ითარგმნა. პირველი კონცერტი 12 თებერვალს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში (Pierre Boulez Saal) გაიმართება.
13 თებერვალს ანსამბლი "რუსთავი" დევიდ ბრუსის ნაწარმოების სტუდიურ ჩანაწერს გააკეთებს. 14 თებერვალს "რუსთავი" პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავის ფილარმონიაში (Filharmonia Narodowa w Warszawie, Warsaw) წარსდგება მაყურებლის წინაშე.
15 თებერვალს კი, ისევ გერმანიაში, ჰამბურგში(Elbphilharmonie Hamburg) გამართავს კონცერტს. აღნიშნული ტურნეს ორგანიზატორია ცნობილი მუსიკოსი ავი ავიტალი.