უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც უარყო უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მოთხოვნა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისი გათავისუფლების ან სასჯელის აღსრულების გადადების შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლომ არ გაითვალისწინა ექიმების დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმის შესახებ, ასევე უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება, უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა და უკრაინას გადასცეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დაცვას, რომელიც უნდა გათავისუფლდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.