თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ჯეიჰანის ნავთობტერმინალმა ეპიცენტრის სიახლოვის გამო ოპერაციები შეაჩერა. ინფორმაციას Reuters გადამზიდავი სააგენტო Tribeca-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
Tribeca-ს ცნობით, აღნიშნულ საკითხზე საგანგებო სხდომა გაიმართება. განცხადებაში, ნათქვამია, რომ მიწისძვრის შედეგად დაზიანდა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის პორტები და მათ მუშაობაში შეფერხებები დაფიქსირდა. თუმცა Reuters-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის თურქული მონაკვეთის ოპერატორ კომპანიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მაგისტრალური მილსადენები არ დაზიანებულა.
ცნობისათვის, ჯეიჰანის ნავთობტერმინალს აზერბაიჯანული აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების ბლოკიდან საქართველოს გავლით ნავთობსადენი უერთდება. ამასთან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით შაჰდენიზის საბადოდან კონდენსატის ტრანსპორტირება ხდება. ბთჯ-ით, ასევე, SOCAR-ისა და კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების ნავთობი გადაიქაჩება. ნავთობსადენის სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ - საქართველოს, 1076 კმ კი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მლნ ტონა ნავთობს აღემატება.
2022 წელს ბთჯ-ის მილსადენით ექსპორტირებული 224 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალში, 305 ტანკერში ჩაიტვირთა. 2006 წლის 2 ივნისიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ჯეიჰანის ტერმინალიდან ბთჯ-ით ექსპორტირებული 4 მლრდ ბარელზე მეტი ნავთობით ჩატვირთული 5250 ტანკერი გავიდა.