„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია 17:00 საათზე დაიწყება.
როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, პროტესტი ყოველდღიური იქნება, ვიდრე შედეგზე არ გავლენ და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გამგზავრების შესაძლებლობა არ მიეცემა.
აღსანიშნავია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია წუხელ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთანაც გამართა.
შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააანონსა, რაც სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უარი თქვა.
სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვე განიხილავდა.