საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება. მიმდინარე კვირაში პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ მოხსენებას წარადგენს.
საგაზაფხულო სესიის მთავარ საკითხებს 12-პუნქტიანი ევრორეკომენდაციის ფარგლებში ინიცირებული კანონის პროექტების განხილვა და მიღება წარმოადგენს. მათ შორის არის "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები და "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი.
გარდა ამისა, პარლამენტის დღის წესრიგში დგას ახალი სახალხო დამცველის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი, რაზეც პოლიტიკურ მხარეებს შორის ამ დრომდე კონსენსუსი ვერ შედგა.
“მინდა, ყველას წარმატებული სესია გისურვოთ. მნიშვნელოვანი წელია ჩვენთვის ევროინტეგრაციის კუთხით და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი სესია იქნება როგორც ამ მხრივ, ასევე კანონმდებლობის და საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრებს გუშინდელ ბიუროს სხდომაზე.