ტიტანიკის გამოსვლიდან უკვე 25 წელზე მეტი გავიდა, თუმცა ფილმის ფინალის შესახებ ფანებს შორის დებატები დღემდე არ წყდება. ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟის, ჯეკის გადარჩენას ეხება და ფანები თვლიან, რომ როუზის მოტივტივე კარზე ისიც რომ ასულიყო, აუცილებლად გადარჩებოდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ტიტანიკის ფინალის შესახებ დებატები მას შემდეგ განახლდა, რაც National Geographic-მა დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ფილმში ჯეიმს კამერონმა მეცნიერებთან ერთად რამდენიმე ექსპერიმენტი იმ ცნობილი სცენის მიხედვით ჩაატარა, რომელშიც ჯეკი და როუზი ტიტანიკის ჩაძირვის შემდეგ წყალში იმყოფებიან. ჯეკისა და როუზის როლში ექსპერიმენტის მონაწილეებს ვხედავთ, ხოლო გუნდი მათი გადარჩენის რამდენიმე სცენარს განიხილავს.
ერთი სცენარის მიხედვით, როზი და ჯეკი კარზე ერთად ავიდოდნენ, თუმცა ის ჩაიძირებოდა და ჯეკი ვერ გადარჩებოდა. მეორე სცენარის მიხედვით, ჯეკი და როუზი კარზე ისე უნდა მოთავსებულიყვნენ, რომ სხეულის ზედა ნაწილი წყლის ზემოთ ჰქონოდათ, თუმცა ამისთვის ორივე პერსონაჟი ძალაგამოცლილი იყო. მესამე სცენარის მიხედვით, თუ ჯეკი როუზთან ერთად კარზე ავიდოდა და როუზი თავის სამაშველო ჟილეტს მისცემდა, ლეონარდოს პერსონაჟს, შესაძლოა, მაშველების მოსვლამდე გაეძლო და გადარჩენილიყო.„დიახ, შესაძლებელია, ჯეკი გადარჩენილიყო, თუმცა ეს გარემოებებზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ იმ მომენტში ჯეკი ისეთს არაფერს გააკეთებდა, რაც როუზის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა და ეს ზუსტად ამ პერსონაჟის ხასიათს შეესაბამება", - განაცხადა ტიტანიკის რეჟისორმა, ჯეიმს კამერონმა.