თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 5,383 ადამიანი. დანგრეულია ათობით შენობა. მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის ფონზე, იტალიის ხელისუფლება ქვეყნის სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ცუნამის პოტენციური რისკის შესახებ აფრთხილებს. იტალიის ხელისუფლებამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც მოქალაქეებს მოუწოდებს შემაღლებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ და დამატებით ინფორმაციას დაელოდონ.
მიწისძვრის შედეგების გამკლავებაში ოფიციალურ ანკარას დახმარება აშშ-მა შესთავაზა, ჯო ბაიდენის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, ვაშინგტონი თურქეთის ოფიციალურ პირებს დაუკავშირდა და ყველა საჭირო დახმარების გაწევის მზადყოფნა გამოთქვა.
ოფიციალური ანკარას დასახმარებლად მზად არის „ნატოც“. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს წევრები უკვე ახდენენ დახმარების მობილიზაციას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო უღრმესი მწუხარება გამოხატა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბევრი ოჯახის გამო, რომლებიც მიწისძვრას შეეწირნენ და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას გამოხატავს თქვენს მიმართ", - დაწერა მან „ტვიტერზე“.
თურქეთს დახმარება შესთავაზა ასევე გერმანიამაც. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანია, პარტნიორებთან ერთად, თურქეთში დახმარებას გააგზავნის.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბლოკი მზადაა დასახმარებლად.
„ამ დილით თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მრავალი სხვა ადამიანი დაშავდა. ჩვენი ფიქრები თურქ და სირიელ ხალხთანაა. ევროკავშირი მზად არის დახმარების გასაწევად“, - აღნიშნა ბორელმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპის მხარდაჭერა „უკვე გზაშია“.
„ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ თურქ და სირიელ ხალხს. ვგლოვობთ დაღუპულთა ოჯახებთან ერთად. ევროპის მხარდაჭერა უკვე გზაშია და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ დახმარება, როგორც შეგვიძლია“, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენ „ტვიტერში“.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და დახმარება შესთავაზა. "ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით ამ რთულ დროს. მზად ვართ გავუწიოთ საჭირო დახმარება კატასტროფის შედეგების დასაძლევად", - განაცხადა ზელენსკიმ.
თურქეთის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა ისრაელის ხელისუფლებამაც.