ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლების წესში ცვლილება შევიდა. თბილისის საკრებულოს დადგენილების თანახმად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი ხდება, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, განიხილოს ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე, დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლების პროექტს თბილისის მუნიციპალიტეტი განახორციელებს და ახალ კორპუსს არა იმავე ადგილას, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებს. ამისთვის მას კორპუსის მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობა აღარ დასჭირდება, როგორც ეს აქამდე იყო საჭირო.
თბილისის საკრებულოში აღნიშნული ცვლილების საჭიროებას განმარტავენ და ამბობენ, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლება ფერხდებოდა, თუკი პროექტზე თანხმობას კორპუსის ყველა მცხოვრები არ გამოთქვამდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების ახალ პროექტში გათვალისწინებული არ არის ავტოფარეხები, სარდაფები და სხვენები. ალტერნატიული, ახალი ფართით ჩანაცვლება მხოლოდ საცხოვრებელ სახლს ეხება. თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დადგენილების თანახმად, ცვლილება შეეხო კომპენსაციის ნაწილსაც. კერძოდ, მესაკუთრეები, რომლებიც ახალი კორპუსის მშენებლობის დასრულებამდე, საცხოვრებლად ალტერნატიულ ფართს იქირავებენ, მაგრამ მუნიციპალიტეტს ქირავნობის ხელშეკრულებას არ წარუდგენენ, კომპენსაციის სახით გასაცემი თანხის ოდენობა 500 ლარი იქნება. 500 ლარიანი კომპენსაცია გავრცელდება მათზეც, ვინც ავარიულ კორპუსში კომერციულ ფართს ფლობს.
თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმრები არიან მშენებლობის დაზარალებულთა ასოციაციის იურისტები სოფო პეტრიაშვილი და გიორგი მათიაშვილი