საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხვას, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით დღეს ჩანიშნულ პროცესზე ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენონ, კლინიკა „ვივამედში“ გასვლითი სხდომის ჩანიშვნის შესახებ.
მისივე თქმით, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი არევაძე დაცვის მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ შემთხვევაში ევროპის სახელმწიფოები მზად არიან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უზრუნველყონ.
„დღეს ადვოკატები დასკვნით სიტყვას სასამართლო დარბაზში ვიტყვით. ასევე, დასკვნითი სიტყვით პენიტენციური სამსახურიც წარდგება.
არ გამოვრიცხავ, ჩვენ შუამდგომლობა დავაყენოთ, რომ მოსამართლემ გასვლითი სხდომა განახორციელოს. თუ ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება, ევროპის სახელმწიფოები გამოთქვამენ სურვილს, გამოაგზავნონ სამედიცინო თვითმფრინავი, რომლითაც მას გაიყვანენ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს, 6 თებერვალს გამოაცხადოს. დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა დანიშნული, როგორც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები, ასევე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე განჩინების გამოსატანად სათათბიროდ გავა.