უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
„უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ძალაში შევიდა. ეს არ არის უკანასკნელი გადაწყვეტილება რუსეთის ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებით. ჩვენი ქმედებების მიზანი ასევე არის ისიც, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დიპლომატების ძალისხმევა, გაავრცელონ გლობალური სანქციები რუსული აგრესიის მანქანის ამ ნაწილზე”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც თავის სამხედროებს საშუალებას აძლევს, ატომური ელექტროსადგურები დაბომბონ.
„რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც თავის სამხედროებს საშუალებას აძლევს, დაბომბონ ატომური ელექტროსადგურები. ტერორისტული სახელმწიფო ბირთვულ ინდუსტრიას საგარეო ექსპანსიის ერთ-ერთ ელემენტად, სხვა სახელმწიფოებზე ზეწოლის საშუალებად და სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტისთვის საფრთხის შესაქმნელად იყენებს. ეს ყველაფერი საკმარისია, რომ რუსეთის ატომური ინდუსტრია გლობალური სანქციების ქვეშ მოექცეს და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა ზელენსკიმ.