ე.წ. პრაღის ფორმატში განვიხილავთ საქართველოსათვის საჭირბოროტო კონკრეტულ საკითხებს, რაც საერთო ჯამში, ბუნებრივია, დაკავშირებულია ქართული ტერიტორიების ბედთან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსა და მისი ხელშეწყობით, ფაქტობრივად რუსეთმა მიისაკუთრა, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ „იმედინიუსს“ განუცხადა.
ზურაბ აბაშიძე „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს, 2012-2022 წლებში საიდუმლოდ აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთის მხარესთან, მოსკოვში, სიცრუეა.
„4 თებერვალს „ტვ პირველზე“ გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც საუბარი იყო ჩემს საქმიანობაზე. ამასთან დაკავშირებით, თავს მოვალედ ვთვლი საზოგადოებას ვაცნობო შემდეგი: დრამატული მუსიკისა და კრემლის ფოტოების ფონზე, ყოველგვარი რეალური ფაქტების გარეშე და უნიჭო მანიპულაციებით აქცენტი გაკეთდა მოლაპარაკებებზე, რომლებსაც, მე თითქოს, საიდუმლოდ ვაწარმოებდი რუსეთის მხარესთან მოსკოვში 2012-2022 წლებში. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ეს სიცრუეა.
გადაცემას რეფრენად მისდევდა კითხვა: „რაზე ესაუბრება ზურაბ აბაშიძე რუსეთის მხარეს?“. კვლავ განვმარტავ: ე.წ. პრაღის ფორმატში განვიხილავთ საქართველოსათვის საჭირბოროტო კონკრეტულ საკითხებს, რაც საერთო ჯამში, ბუნებრივია, დაკავშირებულია ქართული ტერიტორიების ბედთან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსა და მისი ხელშეწყობით, ფაქტობრივად რუსეთმა მიისაკუთრა.
ქალაქ პრაღაში მიმდინარე დიალოგის შესახებ ინფორმირებულია ჩვენი საზოგადოება, შესაბამისი უწყებები და დასავლელი პარტნიორები.
როგორც ჩანს, ომზე მეოცნებე „ტვ პირველში“ ვერა და ვერ ხვდებიან, რომ სიბინძურე მუდამ უკან უბრუნდებათ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.