გენურ ინჟინერიაზე მომუშავე კომპანია Colossal Bioscience გადაშენებული ფრინველის, დოდოს (Raphus cucullatus), იგივე მავრიკიული დრონტის გაცოცხლებას გეგმავს. იმავეს აპირებენ ბეწვიანი მამონტისა და ტასმანიური მგლის შემთხვევაშიც. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ პროექტისთვის მათ ახლახან დამატებით 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია მიიღეს, რის შედეგადაც 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სტარტაპად იქცნენ.
ადამიანთა ნაწილი ფიქრობს, რომ კომპანიის ეს გეგმა ძნელი განსახორციელებელი იქნება. ისინი ეჭვქვეშ აყენებენ იმას, თუ რამდენად გვჭირდება დოდოს გაცოცხლება და რა არის ამის მიზანი. მათი აზრით, სჯობს, ისეთი ცხოველების გადარჩენაზე ვიფიქროთ, რომლებიც გადაშენების პირას არიან.