რატომ ლობირებს სახელმწიფო დეპარტამენტი „ომის პარტიის“ გამორჩეულ სახეებს, საქართველოში ქვეყნის ასარევად შემოპარულ კრიმინალ სააკაშვილს და ბომბებისგან მიღებული ცეცხლის ქომაგ ლომჯარიას, ამაზე დასკვნა ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს, - ამის შესახებ მოძრაობა “ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც „ხალხის ძალაში“ განმარტავენ, ნინო ლომჯარია, „მთელი თავისი შეგნებითა და საქმიანობით, არა სახალხო, არამედ აგენტურის დამცველი იყო“.
„სახელმწიფო დეპარტამენტმა ნინო ლომჯარია ბანგლადეშის, კამბოჯის, ჰონდურასის, მავრიტანიისა და ტოგოს წარმომადგენლებთან ერთად გამოარჩია და საგანგებო პრიზით დააჯილდოვა. შეგახსენებთ, რომ ეს ის ლომჯარიაა, რომელიც საქართველოში მშვიდობასა და ბომბებისგან მიღებულ ცეცხლს შორის უპირატესობას ამ უკანასკნელს ანიჭებდა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ლომჯარია, მთელი თავისი შეგნებითა და საქმიანობით, არა სახალხო, არამედ აგენტურის დამცველი იყო. შესაბამისად, სახელმწიფო დეპარტამენტის ამ აქტით კიდევ ერთხელ გაცხადდა ამერიკული ხელწერა. ისინი არა მხოლოდ არ ემიჯნებიან, არამედ დაუფარავად გამოხატავენ თანადგომას აგენტურისა და ომის პარტიის წარმომადგენლების მიმართ, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. სახელმწიფო დეპარტამენტის ამ აქტით ისიც კიდევ ერთხელ გაცხადდა, თუ საიდან არის კოორდინირებული მთავარი აგენტის, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების კამპანია, რომელსაც სწორედ ნინო ლომჯარიას ჩართულობით ჩაეყარა საფუძველი.
რასაკვირველია, ეჭვი არც არასდროს გვეპარებოდა, რომ საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული ეს კამპანია სწორედ ამერიკიდან იყო დაგეგმილი. მხოლოდ საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს, რომ კოორდინაცია, რომელშიც ფართოდ არიან ჩართული უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები და რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარი, თავად სააკაშვილის მიერ არის დაორგანიზებული და მის მიერ ლობიზმში დახარჯული თვეში 15 ათასი დოლარის შედეგია.
რატომ ლობირებს სახელმწიფო დეპარტამენტი „ომის პარტიის“ გამორჩეულ სახეებს - საქართველოში ქვეყნის ასარევად შემოპარულ კრიმინალ სააკაშვილს და ბომბებისგან მიღებული ცეცხლის ქომაგ ლომჯარიას, ამაზე დასკვნა ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს. მხოლოდ სიმართლით აღჭურვილ ხალხს შეუძლია დაიცვას თავი არეულობისა და ომისგან, რისკენაც სააკაშვილის, ლომჯარიას და მათი პატრონების ძალისხმევა არის მიმართული“, - აღნიშნულია განცხადებაში.