საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის" იმპლემენტაციის დინამიკას.
„აღინიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, მათ შორის, სამინისტროს ქვემდებარე პროგრამების ფარგლებში, 2023 წელს განსახორციელებელი 5600 პროექტისათვის გათვალისწინებულია 3 მილიარდ 600 მილიონი ლარი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ ძირითად პროგრამასა და პროექტზე, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება.
სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი ქვეყნის მაგისტრალური გზების განვითარება რჩება. 2023 წელს გაგრძელდება 207 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობა. სულ, 2023 წელს მაგისტრალური გზების მშენებლობის მიმდინარე პროექტების ღირებულება შეადგენს 6.5 მილიარდ ლარს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობის ცნობით, 2023 წელს ასევე აქტიურად გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განვითარება, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჟამად, სამუშაოები მიმდინარეობს მაგისტრალის 108 კმ-ზე.
„მათ შორის, გამორჩეულია რიკოთის საუკუნის პროექტი, რომლის მთლიანი პროგრესი, საშუალოდ 73%-ია. ამჟამად რიკოთის 51 გვირაბიდან გაჭრილია 41 გვირაბი, 97 ხიდიდან აშენებულია 63 ხიდი და პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
2023 წელს სამტრედია-გრიგოლეთის უკვე გახსნილ 24 კმ-იან მონაკვეთს დაემატება ახალი მონაკვეთი და ექსპლუატაციაში შევა სამტრედია-გრიგოლეთის კიდევ 13.5 კმ-იანი მონაკვეთი, რაც ზესტაფონიდან (არგვეთას კვანძიდან) ლანჩხუთამდე, 86 კმ-იანი 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზით გადაადგილების საშუალებას მოგვცემს. ამასთან, გაგრძელდება სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 ლოტის 12 კმ-იან მონაკვეთზე.
2023 წელს გაგრძელდება სამუშაოები გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მონაკვეთზე და გეგმის შესაბამისად, მაგისტრალურ გზებს დამატებით 6 კმ შეემატება. ასევე, 2023 წლის ბოლოს არის დაგეგმილი ბათუმის უმნიშვნელოვანესი 13,3 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება.
მთლიანობაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის ყველა მიმდინარე მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ყველა ძირითადი მონაკვეთის დასრულება 2024 წელს იგეგმება, რის შედეგადაც, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილება მხოლოდ 3-3.5 საათში გახდება შესაძლებელი.
უკვე 5 კმ-ზეა გაჭრილი უნიკალური ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი 15 მეტრი დიამეტრის უწყვეტი საავტომობილო გვირაბი, რომელიც წარმოადგენს კომპლექსურ პასუხს ყველა იმ მრავალწლიან გამოწვევაზე, რომელიც უკავშირდება კლიმატური პირობების გამო ხანგრძლივად ჩაკეტილ გზას, ადგილობრივი მოსახლეობის ელემენტარულ საჭიროებებზე შეზღუდულ წვდომას და მრავალ სხვა პრობლემას. პროექტზე მუშაობა ინტენსიურად გაგრძელდება 2023 წელს, რომლის დასრულებაც 2024 წელს არის დაგეგმილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ინტენსიურად გაგრძელდება კახეთის მაგისტრალის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს დაგეგმილია ვაზიანის შემოვლითი 4 კმ-იანი გზის დასრულება. გაგრძელდება და გეგმის შესაბამისად, 2024 წელს დასრულდება კახეთის მაგისტრალის 48 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. ასევე, წელს, დაიწყება საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაც.
ასევე ინტენსიურად გრძელდება რეგიონებში გზების რეაბილიტაცია. 2023 წელს დასრულდება კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის უმოკლესი გზით დამაკავშირებელი, თიანეთი-ახმეტის 30 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია; იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის დამაკავშირებელი გზის დასრულებულ 35 კმ-იანი მონაკვეთს შეემატება 16 კმ-იანი მონაკვეთი, რომლის მთლიანად დასრულება დაგეგმილია 2025 წელს; ასევე, 2023 წლის ბოლოს იგეგმება სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონის დამაკავშირებელი ხულო-ზარზმის 42 კმ-იანი გზის ყველა ძირითადი მონაკვეთის რეაბილიტაციის დასრულება, რაც გაანახევრებს გადაადგილების დროს.
გაგრძელდება თუშეთამდე მისასვლელი ფშაველი-აბანო-ომალოს 63 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოები; ასევე, გაგრძელდება ლენტეხი-ლასდილი-უშგული-მესტიის 51 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია და დაიწყება გომბორის 34 კმ-იანი საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მთლიანობაში, 2023 წელს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მიმდინარე 1022 კმ გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, დასრულდება 450-500 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია“,- აღნიშნავენ მთავრობაში.
რაც შეეხება წყალმომარაგების მიმართულებას, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები ქვეყნის 165-ზე მეტ მდებარეობაში.
„ამ მიმართულებით, 2023 წელს ასევე დაგეგმილია პროექტის დასრულება 70-მდე მდებარეობაში, რის შედეგადაც, 200 000 ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება. აქედან, 60 ათასზე მეტი ბენეფიციარი, რომელსაც მანამდე არ ჰქონდა წვდომა უწყვეტ წყალმომარაგებაზე, უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით. მათ შორის, 2023 წელს დასრულდება: ქალაქ თელავისა და ქალაქ ჯვარის წყალმომარაგების პროექტები; დედოფლისწყაროსა და 14 სოფლის (ზემო მაჩხაანი, მირზაანი, ზემო ქედი, ქვემო ქედი, არხილოსკალო, გამარჯვება, ფიროსმანი, სამთაწყარო, თავწყარო, ჭოეთი, საბათლო, არბოშიკი, ხორნაბუჯი, სამრეკლო) წყალმომარაგების პროექტი; თეთრიწყაროს, დაბა მანგლისის და 15 სოფლის (მაწევანი, გოლთეთი, წინწყარო, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, ქოთიში, ხაიში, ქოსალარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი, შავსაყდარი, ასურეთი) წყალმომარაგების პროექტი; სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის (ანაგის, ვაქირის, ბოდბისხევის, ჯუგაანის, ტიბაანის, ქვემო მაღაროს, ქვემო ბოდბის, და საქობაოს) წყალმომარაგების პროექტი; ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ძველი ხიბულას წყალმომარაგების პროექტი და სხვა.
ასევე, 2023 წელს დაიწყება ქალაქ ვანის, ბაღდათის, სამტრედიის, ხაშურის, წყალმომარაგებისა და წყალარინების და დაბა სტეფანწმინდის წყალმომარაგების პროექტები; გაგრძელდება ფოთისა და მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტები.
2023 წელს გაგრძელდება და დაიწყება სამუშაოები ბოლნისის, დაბა კაზრეთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, გუდაურის, წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტებზე, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამის „მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წელს ინტენსიურად გაგრძელდება პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ მეორე ფაზის სამუშაოები.
„პროგრამის დასრულებული პირველი ფაზის სამუშაოების ფარგლებში, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, 564 შენობა უკვე განახლებულია ენერგოეფექტური მასალის გამოყენებით, კარ-ფანჯრებისა და ვიტრაჟების შეცვლით, მოწესრიგებულია საინჟინრო ქსელები, განახლებული და აშენებულია 92 პარკი და სკვერი, რასაც ჯამში, უკვე მოხმარდა 400 მილიონი ლარი.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იწყება 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა. ქვეყნის მასშტაბით, აშენდება 330 ახალი ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.
ასევე, 2023 წელს დაგეგმილია 26 სკოლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება. დაიწყება 60 ახალი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც“, - აცხადებენ მთავრობაში.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატისათვის, დასკვნით ფაზაშია 10 საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
„მიმდინარე სამუშაოები მოიცავს როგორც ახალი სტადიონების მშენებლობას, ისე არსებული სტადიონების და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის, უეფას სტანდარტების შესაბამის, კაპიტალურ რეაბილიტაციას.
2023 წელს დასრულდება ქუთაისის ოლიმპიური აუზის, რუსთავის სპორტული კომპლექსის და მარნეულის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. ახალციხისა და ზუგდიდის სპორტული კომპლექსების მშენებლობა კი, ინტენსიურად გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 2023 წელს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაიწყება ახალი პროგრამა ტურისტული მდებარეობების განვითარებისათვის, რომელიც მოიცავს, როგორც არსებული საკურორტო მდებარეობების რეაბილიტაცია-განახლებას, ისე ახალი ცენტრების განვითარებას. პროგრამისათვის 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 200 მილიონი ლარი.
„გაგრძელდება აქტიური სამუშაოები ველისციხის ურბანული განახლებისა და ზუგდიდის ზვიად გამსახურდიას სახელობის მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობის პროექტებზე.
რაც შეეხება კიდევ ერთ - მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებას, სამინისტროს მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, 2023 წელს დაიწყება 2 ახალი რეგიონული, ევროპული სტანდარტების, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის პროექტის განხორციელება, სადაც გამოყენებული იქნება ნაჟური წყლების მაღალტექნოლოგიური გამწმენდი „რევერსული ოსმოსის“ სისტემა. ობიექტები მოემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს. ასევე, დაიწყება 12 ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობისა და 2 არსებული ნაგავსაყრელის დახურვის მოსამზადებელი სამუშაოები.
მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია რეგიონული განვითარების მიმართულებით.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და წარმატებით განხორციელებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 4 საპილოტე რეგიონში (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი), 2020-2022 წლებში, გამოყოფილი იქნა 205 მილიონი ლარი, საიდანაც დაფინანსდა ურბანული, ადგილობრივი ინტეგრირებული და ტურიზმის განვითარების მიმართულებით დაახლოებით 150 პროექტი და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 400-ზე მეტი ბენეფიციარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ახალი პროგრამის შემუშავებასა და დაწყებასთან დაკავშირებით.
ასევე გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირის კოჰეზიის პოლიტიკის უახლესი ინსტრუმენტის - „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ (Smart Specialization) მიმართულებით, რომლის საპილოტე რეგიონად განსაზღვრული არის იმერეთი და ასევე, გაგრძელდება მუშაობა ევროსტატის რეგიონული სტატისტიკის NUTS კლასიფიკაციასთან მიმართებაში.
აღინიშნა, რომ წარმატებით ხორციელდება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია, როგორც თვითმმართველობებისათვის დამატებითი უფლებამოსილებების გადაცემა, ისე მათი ფინანსური დამოუკიდებლობისა და ანგარიშგებისთვის ღონისძიებების გატარება, მათ შორის, აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა პარლამენტში მუნიციპალიტეტების შემოსავლებისა და უფლებამოსილებების ზრდის მიზნით. ასევე, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის მიზნით მუნიციპალიტეტებში დანერგილია ელექტრონული სისტემა, რომელიც მოიცავს 18 სერვისს და შექმნილია მუნიციპალური სტატისტიკის პორტალი, რომელიც ეტაპობრივად განვითარდება.
გაგრძელდება მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერა. ამჟამად, 1801 დასახლებას მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით სარგებლობს 264 306 ადამიანი. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან დღემდე, სულ, გაცემულია, დაახლოებით, 505.6 მილიონი ლარი სხვადასხვა სოციალური მხარდაჭერისა თუ დანამატების სახით, საიდანაც 2022 წელს გაცემულია 103 მილიონი ლარი.
ამჟამად, მიმდინარეობს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება. 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს 53 ღონისძიებას დაახლოებით 968.5 მილიონი ლარის საერთო საპროგნოზო ბიუჯეტით. 2021-2022 წელს ბიუჯეტის ფაქტობრივმა შესრულებამ შეადგინა 450 მილიონი ლარი.
სამინისტროს 2023 წელს გეგმავს მაღალმთიანი დასახლებების 2024-2030 წლების სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც გაითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებებში ტერიტორიულ განვითარებაზე ორიენტირებული სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამის განხორციელებას.
ასევე გრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში. მათ შორის, გაგრძელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით, კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანკარში 28 დაზიანებული სახლის აღდგენის სამუშაოები, რის შედეგადაც, მოსახლეობა დაუბრუნდება ისტორიულ საცხოვრებლებს.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, 250 მილიონი ლარის პროექტებზე გამოცხადებულია ტენდერები, ზოგიერთ მათგანზე კი, უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება. ასევე, დაწყებულია მოსახლეობასთან შეხვედრები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების გამოსავლენად.
სამუშაო თათბირზე მთავრობის მეთაურმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და მის მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.